შინაარსზე გადასვლა

ბელეროფონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბელეროფონი
Βελλεροφῶν

პეგასზე ამხედრებული ბელეროფონი კლავს ქიმერას. ატიკური წითელფიგურული ეპინეტრონი, ძვ. წ. 425-420 წწ.
წარმომავლობა
ძველბერძნული მითოლოგიის გმირი
იხ. აგრეთვე
ბერძენ გმირთა პლეადა

ბელეროფონი (ბერძ. Βελλεροφῶν) ან ბელეროფონტესი (ბერძ. Βελλεροφόντης) — ძველბერძნული მითოლოგიის გმირი, კორინთოს მეფის, გლავკოსის ძე, სისიფოსის შვილიშვილი.

კორინთოს უფლისწულს მშობლიური მხარის დატოვება მოუხდა, რადგან, შემთხვევით, ვინმე ბელეროსი შემოაკვდა. მისი სახელი, ბელეროფონი, ბელეროსის მკვლელს ნიშნავს. იგი ტირინსის მეფე პროიტოსმა შეიფარა და ცოდვათაგან განწმენდის რიტუალიც აღუსრულა. მასპინძლის ცოლმა, დედოფალმა ანტეამ, შეიყვარა ბელეროფონი და ჭაბუკთან სიახლოვე მოიწადინა. ბელეროფონმა თავი შორს დაიჭირა, რამაც შეურაცხყო და შურისძიების გრძნობით აღავსო დედოფალი. მან ქამრთან ცილი დასწამა, თითქოსდა მის შეცდენას ლამობდა. მეფე განრისხდა და ბელეროფონის თავიდან მოცილება განიზრახა და ლიკიაში, თავის სიმამრთან, მეფე იობატოსთან გაგზავნა და თან წერილიც გაატანა, სადაც ეწერა: „ამ ვერაგმა შეურაცხყო ჩემი მეუღლე, შენი ქალიშვილი, რადგან მასთან სარეცლის გაზიარება მოწადინა, ამიტომ იგი დაუყოვნებლივ გამოასალმე სიცოცხლეს“.

მეფემ პატივით მიიღო სტუმარი, ცხრა დღე ილხენდა მასთან ერთად, წერილი კი მხოლოდ მეათე დღეს წაიკითხა. თავად მოერიდა მასპინძლობის წესის დარღვევას და სასიკვდილოდ ჭაბუკი საზარელი ურჩხულის, ქიმერას, დასამარცხებლად გაგზავნა. ბელეროფონს უკან არ დაუხევია. უპირველესად, იგი მისან პოლიიდოსს ეწვია და რჩევა ჰკითხა. მისგან შეიტყო, რომ ქიმერას დასამარცხებლად მას ფრთოსანი რაში, პეგასი უნდა მოეთვინიერებინა. პოლიიდოსმა ამ საოცარი ცხენის დამორჩილების წესიც ასწავლა.

პეგასის დახმარებით, ბელეროფონმა რამდენიმე საგმირო საქმე აღასრულა: მოკლა ქიმერა, დაამარცხა უძლეველი სოლიმები, ამორძალები და ბოლოს, კარიელი მეკობრეები. როცა იობატოსმა ნახა, რომ ბელეროფონი ყველა სახიფათო დავალებას იოლად ასრულებდა და მისი მძლეველი აღარსად იყო, გადაწყვიტა, ლიკიის უძლიერესი მეომრები მოეხმო მის მოსაკლავად. ისინი უეცრად დაესხნენ თავს ჭაბუკს, მაგრამ ვერას გახდნენ, მათაც აჯობა გმირმა. ახლა კი იეჭვა ბელეროფონმა, იობატოსს ჩემი დაღუპვა სურსო, ამიტომ მისი დასჯა გადაწყვიტა. მან პოსეიდონის დახმარებით, იობატოსის სამეფო დატბორა. იქაურმა ქალებმა კაბის კალთები აიკეცეს და მის შესახვედრად გაემართნენ. ისინი ემუდარებოდნენ ბელეროფონს, რისხვა დაეცხრო და სანაცვლოდ თავს სთავაზობდნენ. ჭაბუკს სირცხვილი მოეძალა და აბობოქრებული წყალი განარიდა მათ სამოსახლოს.

მალე გაირკვა, რომ ანტეა ცილს სწამებდა გმირს. იობატოსმა პატიება სთხოვა სტუმარს, თავისი ქალიშვილი შერთო ცოლად და ნახევარი სამეფოც უბოძა.

ბელეროფონი ლიკიაში დასხლდა და ბედნიერად ცხოვრობდა. მას ორი ვაჟი და ერთი ასული შეეძინა. დიდებითა და პატივით თავბრუდახეული მეტისმეტად გაამაყდა და გაღმერთება მოინდომა. თავის პეგასზე ამხედრდა და ღმერთთა სამყოფლისაკენ გაფრინდა. ზევსმა მას ეს თავხედობა არ აპატია. მისი ნებით, მფრინავი ცხენი ბორამ დანესტრა. დაფეთებულმა პეგასმა მხედარი ძირს გადმოაგდო. ბელეროფონი ეკალ-ბარდებში ჩავარდა. მართალია, გადარჩა, მაგრამ დაბრმავდა, დაკოჭლდა და გონებაც შეერყა. გაუბედურებული და მარტოსული სიკვდილამდე ტყე-ღრეში დაეხეტებოდა.

  • (2003) მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის, წიგნი პირველი. თბილისი: ბონდო მაცაბერიძის გამომცემლობა. ISBN 99928-974-3-0.