შინაარსზე გადასვლა

ანა უშენინა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა უშენინა

ანა უშენინა 2013 წელს, ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე
ქვეყანა (სპორტი) უკრაინის დროშა უკრაინა
ეროვნება უკრაინელი
დაბადების თარიღი 30 აგვისტო, 1985 (1985-08-30) (39 წლის)
დაბადების ადგილი ხარკივი, უკრაინის სსრ, სსრკ
წოდება დიდოსტატი (2012)
ფიდე რეიტინგი 2416 (თებერვალი 2021)
მაქსიმალური რეიტინგი 2502 (ივლისი 2007)
ჯილდოები და პრემიები მთავრის ცოლ ოლღას III ხარისხის ორდენი, Order of Princess Olga, 2nd class და medal of 25 years of Ukrainian independence
საიტი ushenina.com

ანა უშენინა (უკრ. Анна Юріївна Ушеніна; დ. 30 აგვისტო, 1985, ხარკივი, უკრაინის სსრ, სსრკ) — უკრაინელი მოჭადრაკე.

ანა უშენინა ქალთა შორის მე-14 მსოფლიოს ჩემპიონი 2012 წელს გახდა და ერთი წელი ფლობდა ტიტულს. არის დიდოსტატი, ქალთა (2003) და კაცთა (2012). ნაკრებთან ერთად კი, როგორც სათადარიგო მოთამაშემ, 2006 წლის ტურინის ოლიმპიადა მოიგო, 2013-ში კი ევროპის და მსოფლიოს გუნდური ოქრო.

ეროვნებით ებრაელი [1] ანა ხარკივში დაიბადა. ჭადრაკის თამაში დედამ 7 წლის ასაკში ასწავლა, რადგანაც მასში ინტელექტურლური და შემოქმედებითი ნიჭი შეამჩნია და გადაწყვიტა მუსიკასთან და ხატვასთან ერთად ესეც აეთვისებინა. 1997 წელს კიევში უკრაინის 12 წლამდელ გოგონათა პირველობაზე იმარჯვა. 1988-99 წლებში კი ჩემპიონობა ორჯერ 14 წლამდელებშიც შეძლო. 15 წლისა უკრაინის 20 წლამდელ გოგონათა ჩემპიონიც გახდა. ანა ბევრ დროს უთმობდა ჭადრაკს, დამოუკიდებლად მუშაობდა და თვითონ სწავლობდა. თავისუფალ დროს უშენინა დეტექტიურ რომანებს კითხულობდა, ანაც კლასიკურ და პოპ მუსიკებს უსმენდა. 2000-2002 წლებში ხარკივში ოლიმპიური რეზერვების სპორტულ სკოლაში ემზადებოდა, მწვრთნელად კი საერთაშორისო დიდოსტატი არტემ ცეპოტანი ჰყავდა.[2] კარგმა მუშაობამ შედეგიც გამოიღო და 20-წლამდელებში ქვეყნის პირველობა ორჯერ, 2000 და 2001 წლებში მოიგო. ამ წარმატებების ფონზე 18 წლამდელ ნაკრებშიც მიიწვიეს და მის შემადგენლობაში 2002-ში ევროპის ჩემპიონიც გახდა. ინდივიდუალურ ჩათვლაში კი პირველ დაფაზე 6-დან 4,5 ქულით მეორე იყო და მცირე ვერცხლის მედლით დააჯილდოვეს. მომდევნო წელს ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიანიჭეს, ხოლო უკრაინის ქალთა ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა. მეექვსე იყო ერთი წლის შემდეგ, ხოლო 2005-ში ოქრო მოიგო. 2006-ში ოდესაში ეროვნულ ჩემპიონატში ვერცხლი მოიგო და უკან ორი გამოცდილი მოჭადრაკე ნატალია ჟუკოვა და ინა გაპონენკო ჩამოიტოვა. უშენინამ ნაკრების მაისურით 2005 და 2007 წლებში ევროპირველობაზე ითამაშა. 2007-ში რომელსაც ირაკლიონმა უმასპინძლა ანამ წარმატებით იასპარეზა, 7-დან 5 ქულა აიღო და პირადი ოქრო დაისაკუთრა. 2006-დან ნაკრების შემადგენლობაში ქალთა ოლიმპიადებზე გამოდის, სულ 6 გუნდური მედალი მოიპოვა. აქედან ერთი ოქრო (2006), ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო. 2006-ში უშენინამ პარდუბიცეში და აბუ დაბიში იყოჩაღა, ამას მისი ოლიმპიური მონაგარიც დაემატა, რისი წყალობითაც ფიდეს რეტინგში მნიშვნელოვანი ქულები შეიძინა და მამაკაცთა შორის საერთაშორისო ოსტატის წოდებაც მიიღო. 2008-ში მონაგარს პლოვდივში გამართულ ევროპირველობის ბრინჯაო შემატა.

ანა უშენინა. 2008 წელი, დრეზდენი

უშენინა გამოდიოდა ფრანგულ რუსულ, სერბულ, მონტენეგროს და სლოვენიის ლიგებში. ასევე წარმატებით გამოდის ტურნირებზეც, 2007 წელს აეროფლოტ ოფენის ტურნირზე, “A2” სექციაში 7 ტურში 5 ქულა აიღო, დაამარცხა სამი დიდოსტატი მამაკაცი საშუალოდ 2672 რეიტინგით. 2008-ში პლოვდივში ევროჩემპიონატზე ვერცხლთან ახლოს იყო, თუმც ტაი-ბრეიკებში ვიქტორია ჩმილიტესთან 1:2 წააგო. იმ წელს წარუმატებლად გამოვიდა ვეიკ-ან-ზეეს სუპერტურნირის c ჯგუფში, სადაც 13-დან 4,5 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა. მოსკოვის აეროფლოტ ოფენზე, ქალთა განყოფილებაში მეორე ადგილზე გავიდა, მას ანა მუჟიჩუკმა გაუსწრო, ხოლო თვითონ ნატალია ჟუკოვა და კატერინა ლაჰნო ჩამოიტოვა. 2010-ში ხარკივში „Rector Cup” მოიგო, რეიტინგით 2649. უშენინას ყველაზე მაღალი რეიტინგი 2007 წლის ივლისში 2502 პუნტქი ჰქონდა. ინდივიდუალურ ევროპირველობაზე პირველი მედალი 2008 წელს პლოვდივში მოიგო, მაშინ იგი ბრინჯაოს დასჯერდა. 2016 -ში მონაგარს მამაიაში ოქროს მედლები შემატა, ხოლო ორ წელიწადში ვისოკე-ტატრში ბრინჯაო. წარმატებით ისაპრეზა 2017 წელს მაკაბიადაში, სადაც ვერცხლის მედალი მოიგო.[3]

მსოფლიოს ჩემპიონატები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომლებიც ოლიმპიური სისტემით იმართება, 2008 წლიდან გამოდის, ამ წელს მეოთხედფინალამდე მივიდა, 2010-ში პირველივე წრეში დამარცხდა, 2012-ში კი ჩემპიონი გახდა ერთი წლით. 2015-იც მოსინჯა ძალები და მეორე წრეში გამოვარდა.

2008-ში ჩემპიონატზე, ნალჩიკში, 64 მონაწილეს შორის რეიტინგით მე-17 იყო და ლე თჰან ტუს 1,5:0,5 ძლევით დაიწყო, მეორეში იგივე ანგარიშით გერმანელი ელიზაბეტ პეტცი დაამარცხა, მესამეში მასპინძელი სვეტლანა მატვეევა 2:0 და მეოთხედფინალში მომავალ გამარჯვებულ რუს ალეკსანდრა კოსტენიუკთან 0,5:1,5 დამარცხდა.

ორი წლის შემდეგ თურქულ ანთაქიაში რეიტინგით 28-ე იყო და ჩინელ ციან ჰუანთან დაძაბულ ბრძოლაში 1,5:2,5 წააგო.

2012-ის შეჯიბრი ნოემბერ-დეკემბერში 64 მონაწილეს შორის ხანტი-მანსიისკში გაიმართა. ტურნირის საპრიზო ფონდი 450 ათასი დოლარი იყო, ხოლო გამარჯვებული 60 ათასით დაჯილდოვდა. უშენინა რეიტინგით 30-ე გახლდა. პირველ ტურში პერუელი დეიზი კორი დაამარცხა 1,5:0,5, შემდეგ მოჰყვნენ სლოვენიელი ანა მუჟიჩუკი, რუსები ნატალია პოგონინა და ნაძეჟდა კოსინცევა ერთნაირი ანგარიშებით 1,5:0,5. ნახევარფინალში ჩინელ ჟუ ვენჟუნთან დაძაბული ბრძოლა 2,5:1.5 მოიგო და ფინალში ექს-ჩემპიონ ბულგარელ ანტოანეტა სტეფანოვას დაუპირისპირდა. ფინალის პირველი ორი პარტია ყაიმით დასრულა, მესამეში კი უკრაინელმა თეთრებით იმარჯვა და დაწინაურდა. 2004 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ბოლოში შეძლო ანგარიშის გათანაბრება და ბრძოლა ტაი-ბრეიკებში სწრაფი პარტიებით გაგრძელდა. პირველ დამატებითში უკრაინელმა შავებით ყაიმს მიაღწია, მეორეში კი თეთრებით იმარჯვა და ბულგარელს მეორედ გაჩემპიონების შანსი არ მისცა. ტაი-ბრეიკებში უმეტესობა ბულგარელის ჩემპიონობას ვარაუდობდა, რადგანაც სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გახლდათ. ამ გამარჯვებით ანა გახდა პირველი უკრაინელი მსოფლიოს ჩემპიონი ქალი, ხოლო რეიტინგში საკმაო ქულები აიღო და დიდოსტატის წოდებაც მიიღო.[4] საერთოდ კი მანდილოსნებში იმ დროისთვის 28-ს ჰქონდა მსგავსი წოდება.

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6
1 ანტოანეტა სტეფანოვა დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი = = 0 1 = 0 2,5
2 ანა უშენინა დროშა: უკრაინა უკრაინა = = 1 0 = 1 3,5

2 აპრილს კიევში უკრაინაში პირველად Advanced Chess ითამაშა, საერთაშორისო ოსტატ ელენა ბოიცუნს დაუპირისპირდა და ყაიმით დაშორდა. აგვისტოში ფიდეს მსოფლიოს თასზე გამოვიდა. 128 მონაწილეს შორის რეიტინგით 116 იყო და პირველივე ტურში რუს პიოტრ სვიდლერთან 1:3 დამარცხდა.

სექტემბერში ჩინურ ტაიჩჟოუში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დასაცავად, ფიდეს გრან-პრის გამარჯვებულ ჩინელ ექს-ჩემპიონ ხოუ იფანს დაუპირისპირდა. რეგლამენტით 10 პარტია უნდა ეთამაშათ, საპრიზო ფონდი კი 200 ათასი ევრო გახლდათ, საიდანაც გამარჯვებული 60% მიიღებდა. პარტიები 10 სექტემბერს დაიწყო. უკრაინელმა საშინლად ჩაატარა მატჩები, პირველი და მესამე პარტია თეთრებით წააგო. კიდე ორი მარცხი იწვნია მეეექვსე-მეშვიდე პარტიაში, რითაც ყველაფრის შანსი მოისპო და მატჩიც შეწყდა.

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7
1 ხოუ იფანი დროშა: ჩინეთი ჩინეთი 1 = 1 = = 1 1 5,5
2 ანა უშენინა დროშა: უკრაინა უკრაინა 0 = 0 = = 0 0 1,5

2013 წლის მაისიდან ფიდეს ქალთა გრან-პრის გათამაშებაში ჩაება. პირველ ეტაპზე ჟენევაში მე-6 ადგილი დაიკავა (პირველზე ბელა ხოტენაშვილი გავიდა). მეხუთე იყო დილიჯანში, მე-9 ხანტი-მანსიისკში, ხოლო მეხუთე შარჯაში. საბოლოო შეფასებით კი 20 მონაწილეს შორის მე-9 ადგილზე გავიდა და მსოფლიოს ჩემპიონთან შეხვედრის უფლებაც ვერ მოიპოვა.

2015-ში სოჭში გამართულ ქალთა მსოფლიოს პირველობაზე რეიტინგით მე-15 იყო. პირველ ტურში ჟან ქსავს 1,5:0,5 მოუგო, ხოლო მეორე ფრანგ მარი სებაგთან 1,5:2,5 დამარცხდა.

2017-ის თებერვალ-მარტში თეირანშიც მოსინჯა ძალები. უკრაინელი რეიტინგით 24-ე ნომერი იყო და პირველ ტურში ბელორუსი ანასტასია ზეზიულკინა 1,5:0,5 გამოთიშა ასპარეზობას, თუმც მეორე ეტაპზე ჩინელ თან ჭუნგთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა 4:5.

2006-ში ტურინში გამართულ ოლიმპადაზე სათადარიგო დაფაზე გამოვიდა და გუნდური ოქროც მოიპოვა. ორი წლის შემდეგ დრეზდენში უკვე მესამე დაფაზე იჯდა და მეორე ადგილს დასჯერდა. ბოლო ტურამდე ოქროს შანს ინარჩუნებნენ, თუმც ქართველთა უძლიერეს გუნდს ვერ აჯობეს და ოქრო ტაი-ბრეიკში წააგეს. მეოთხე დაფას და გუნდურ მესამეს დასჯერდა 2012-ში სტამბოლის ოლიმპიადაზე. ანამ წაუგებლად იასპარეზე, 10-დან 7 ქულა აიღო და ნაკრების წარმატებაში მნიშვნელოვანი წვრილი შეიტანა. მესამე დაფაზე იყო და კვლავ გუნდურ ბრინჯაოს დასჯერდა ორი წლის შემდეგ ნორვეგიულ ტრომსოში. 2016-ში ბაქოში მეოთხე დაფაზე გუნდური ბრინჯაოც მოიგო. ერთი ნაბიჯით წაიწია 2018-ში, ბათუმში გამართულ 43-ე ოლიმპიადაზე. უშენინა მეორე დაფაზე აღზევდა და ნაკრებთან ერთად ვერცხლი მოიგო.

მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრების შეემადგენლობაში 2007-დან გამოდის. ეკატერინბურგში მეორე დაფაზე თამაშობდა და გუნდურ ბრინჯაოსთან ერთად, პირადულსაც დაეუფლა. მან 9 შესაძლებლობიდან 6,5 ქულა დააგროვა. 2009-ში ნინბოში პირველ დაფაზე კვლავ ბრინჯაოს დაეუფლა. 2013-ში ასტანაში, რიგირთ მე-4 ჩემპიონატზე, მეორე დაფაზე ჩამოქვეითდა და გუნდური ოქრო მოიგო. 8 პარტიიდან 6 ქულა ააგროვა და პირადულ ვერცხლსაც დაუეფლა. იმავე წელს ვარშავაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზეც იასპარეზა, კვლავ მეორე დაფაზე და ისევ ოქრო. ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრების შეემადგენლობაში 2005 წლიდან გამოდის. 2009-ში ნოვი-სადში მესამე დაფაზე იჯდა და ბრინჯაოს დაეუფლა. 2015-ში რეიკიავიკში სათადარიგო იყო და გუნდური და პირადული ვერცხლი მოიპოვა. 2017-ში კრიტში მესამე დაფაზე აინაცვლა და გუნდური ბრინჯაოც მოიგო.

სახელმწიფო ჯილდოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Орден княгині Ольги III ст. (16 ივნისი 2006) — 37-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე პირველი ადგილის დაკავებისთვის, უკრაინის საერთაშორისო პრესტიჟის ამაღლებისთვის [5]
  • Орден княгині Ольги II ст. (30 იანვარი 2013) — ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატში (ხანტი-მანსიისკი, რუსეთის ფედერაცია, 2012) უმაღლესი შედეგისთვის. მნიშვნელოვანი პირადი წვრილი უკრაინის სახელმწიფოს საერთაშორისო სპორტული პრესტიჟის განმტკიცებაში.[6]
  • Відзнака Президента України — საიუბილეო მედალი „უკრაინის 25 წლის დამოუკიდებლობა“ [7]
  1. [1]. Шахматной еврейской энциклопедии.
  2. [2]. Artiom Tsepotan.
  3. [3]. 2017 წლის მაკაბიადა.
  4. [4]. ანა უშენინას პირადი კარტოთეკა fide-ს საიტზე.
  5. [5]. Указ Президента України № 531/2006 від 16 червня 2006 року «Про відзначення державними нагородами України членів збірної жіночої команди України з шахів».
  6. [6]. Указ Президента України від 30 січня 2013 року № 49/2013».
  7. [7]. Указ Президента України № 336/2016 від 19 серпня 2016 року».

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანა_უშენინა“-დან