შინაარსზე გადასვლა

აფიფე ჟალე

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აფიფე ჟალე
მშობლიური სახელი Afife Jale
დაბადების თარიღი 1902 წელი
სტამბოლი ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 24 ივლისი 1941 (38-39 წლის)
სტამბოლი თურქეთის დროშა თურქეთი
გარდაცვალების მიზეზი დამოკიდებულობა ნარკოტიკებისადმი
ეროვნება თურქი
საქმიანობა თეატრის მსახიობი
ცნობილია როგორც პირველი მაჰმადიანი თეატრის მსახიობი თურქეთში
მეუღლე(ები) სელაჰათინ ფინარი (1929-1935)

აფიფე ჟალე (თურქ. Afife Jale; დ. 1902, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია — გ. 24 ივლისი 1941, სტამბოლი, თურქეთი) — თურქი მსახიობი, რომელიც ცნობილია, როგორც პირველი მაჰმადიანი თეატრის მსახიობი თურქეთში.

ბიოგრაფია და კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟალე დაიბადა 1902 წელს სტამბოლში, ჰიდაიეთის და მისი მეუღლის მეთიეს ოჯახში. ჰყავდა და ბეჯიე და ძმა სალაჰი.[1]

აფიფე სწავლობდა სტამბოლის გოგონათა სამრეწველო სკოლაში, თუმცა, მას მსახიობობა სურდა. ოსმალეთის იმპერიაში მაჰმადიან თურქ ქალებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებით, უფლება არ ჰქონდათ ეთამაშად სცენაზე. ამის უფლება მხოლოდ არამუსლიმ ქალებს, — ბერძნებს, სომხებს და ებრაელებს ანუ უმცირესობებს ჰქონდათ[1].

აფიფეს მამა წინააღმდეგი იყო ქალიშვილის თეატრალური კარიერის, რადგან ის თვლიდა, რომ ეს უსაფუძვლო იყო. ამ მიზეზით, აფიფე გაიქცა თავისი მშობლების სახლიდან. პრაქტიკანტად შევიდა ქალაქში ახლადშექმნილ თეატრალურ კონსერვატორიაში (Darülbedayi).[1] კონსერვატორია გაიხსნა, რა თქმა უნდა მაჰმადიანი ქალი მსახიობების მოსამზადებლად, რომლებიც მხოლოდ ქალთა აუდიტორიის წინაშე გამოდიოდნენ.[2]

აფიფეს დებიუტი სცენაზე 1920 წელს შედგა, სადაც მან „ემელის“ როლი შეასრულა თეატრულ პიესა „Yamalar“-ში, რომელიც დაიწერა ჰუსეინ სუათის მიერ. როლი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც სომეხი ელიზა მინემეჯიანი საზღვარგარეთ წავიდა. ამ პიესისთვის სასცენო სახელი „ჟალე“ მიიღო, რის შემდეგაც მას შერჩა აფიფე ჟალეს სახელი. ქადიქიოის „აპოლოს თეატრში“ გამოსვლით, აფიფე ჟალე გახდა ქვეყნის პირველი მაჰმადიანი თურქი მსახიობი. მას მინიმუმ ორჯერ მოუწია დამალვა საპოლიციო შემოწმებისგან პიესის მიმდინარეობისას. კონსერვატორიის მმართველობა გააფრთხილეს შეზღუდვების თაობაზე, რამაც 1921 წელს ჟალეს გარიცხვა გამოიწვია.[1][2][3] ამის შემდეგ, სხვადასხვა სახელებით თამაშობდა სხვადასხვა თეატრში.[2]

აფიფეს ფინანსური პრობლემები შეექმნა, შეერყია ჟანმრთელობა. ამის შემდეგ მისმა ექიმმა მიმართა მორფინის თერაპიას, რის გამოც ის მორფინზე დამოკიდებული გახდა.[1]

1923 წელს, ქემალ ათათურქმა დააფუძნა ახალი რესპუბლიკა და გააუქმა ოსმალეთის ეპოქის აკრძალვები, რომელიც ეხებოდა სცენაზე მოქმედ მაჰმადიან ქალებსაც. ამან აფიფეს შიშები გააქრო, თავიდან შეუერთდა თეატრს და დაიწყო გასტროლები ანატოლიაში. მისმა ნარკოდამოკიდებულებამ გამოიწვია ჯანმრთელობის გაუარესება, რამაც საბოლოო ჯამში იძულებული გახადა თეატრი დროზე ადრე დაეტოვებინა.[1]

თეატრის დატოვების შემდეგ ჟალე გაღატაკდა. 1928 წელს, როდესაც აფიფე ესწრებოდა თურქული კლასიკური მუსიკის კონცერტს, შეხვდა სელაჰათინ ფინარს (1902-1960), რომელიც მუსიკალური ინსტრუმენტის ტამბურის ვირტუოზი იყო. 1929 წელს დაქორწინდნენ და საცხოვრებლად გადავიდნენ სტამბოლის ფათიჰის რაიონში. ქორწინება არ შედგა და 1935 წელს წყვილი დაშორდა ერთმანეთს, რაზეც აფიფეს მორფინზე დამოკიდებულებამ მოახდინა დიდი როლი.[3] ერთად ყოფნისას, სელაჰათინ ფინარმა თავიანთ ცხოვრებაზე დაწერა რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოები, რომლებიც მოგვიანებით კლასიკური მუსიკის ნაწარმოებად იქცა.[1]

შეშფოთებული მისი ნივთიერებისადმი დამოკიდებულებით, მეგობრებმა კონსერვატორიდან, ჟალე წაიყვანეს ბაქირქიოის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში თერაპიისათვის. თავისი სიცოცხლის ბოლო წლები ჟალემ გაატარა საავადმყოფოში, სადაც 1941 წლის 24 ივლისს გარდაიცვალა.[3] მისი სამარხი დავიწყებულია.[1]

1987 წელს, ჟურნალისტმა ნეზიჰე არაზმა (1922-2009) დაწერა პიესა სათაურით „აფიფე ჟალე“, რომელიც დაიდგა სცენაზე, გადაიღეს ფილმიც.[2][4]

აფიფე ჟალეს ტრაგიკული ცხოვრება ორჯერ ასახეს კინოში, პირველად 1987 წელს რეჟისორმა შაჰინ ქაიჰუნმა,[3][5] ხოლო მოგვიანებით ჯეიდა ასლი ქილიჩქირანმა 2008 წელს ფილმით „Kilit“,[6] ორივე ფილმში მთავარი როლი მიუჟდე არმა შეასრულა.[2][7]

1998 წლის დეკემბერში, თურქეთის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგა პრემიერა თანამედროვე ბალეტისა „აფიფეს“. შეადგინა თურგაი ერდენერმა,[8] ხოლო ქორეოგრაფია ეკუთვნის ბეიჰან მერფის. ორი აქტისგან შემდგარი დრამა ასახავს აფიფეს ცხოვრების ოთხ ეტაპს ფერებით: ოქრო (ახალგაზრდობა), წითელი (ბრძოლა), იისფერი (ნარკომანია) და ვერცხლისფერი (სიკვდილი).[2][3] ბალეტი კვლავ შესრულდა 2012 წელს ქადიქიოის სიურეიის ოპერის სახლში.[9][10]

2000 წელს გამოვიდა მუსიკალური ალბომი „Afife“, რომელიც შეიცავს კლასიკურ მუსიკას შესრულებულს სოპრანო სელვა ერდენერის მიერ, რომელსაც აკომპანემენტს უწევდა რადიო „მოსკოვის“ ჩაიკოვსკის სიმფონიური ორკესტრი.[2][8]

ჯან დიუნდარის მიერ მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი „ასწლეულის სიყვარული: აფიფე და სელაჰათინი“, რომელიც CNN Türk-ის ეთერში 2004 წელს გავიდა, ასახავს აფიფეს ქორწინებას სელაჰათინ ფინართან.[2][11]

სტამბოლის ბეშიქთაშის რაიონის ორთაქიოის მიკრორაიონში, მის პატივსაცემად ეწოდა სახელები კულტურულ ცენტრს „აფიფე ჟალეს კულტურის ცენტრი“ და თეატრს „აფიფეს ჟალეს სცენა“.[2][12]

1997 წლიდან, დაწესებულია ყოველწლიური ჯილდო „აფიფე ჟალეს თეატრალური ჯილდო“, რომელიც ენიჭება გამორჩეულ თეატრის მსახიობებს.[13]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 Yalçın, Soner (2007-06-24). „Kokain tutkusunun yok ettiği ünlü karı koca“. Hürriyet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-06. ციტირების თარიღი: 2013-05-20.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 2.8 Afife Jale Turkish. İstanbul Kadın Müzesi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-31. ციტირების თარიღი: 2013-05-21.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 „Afife dans ediyor“. Hürriyet (Turkish). 1998-12-12. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-16. ციტირების თარიღი: 2013-05-21.
  4. „Yazar Nezihe Araz öldü“. Sabah (Turkish). 2009-07-26. ციტირების თარიღი: 2013-05-21.
  5. Afife jale (1987). IMDb. ციტირების თარიღი: 2013-05-21.
  6. Kilit (2008). IMDb. ციტირების თარიღი: 2013-05-21.
  7. „Müjde Ar, yine Afife Jale’nin izinde“. Hürriyet (Turkish). 2007-10-12. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-16. ციტირების თარიღი: 2013-05-21.
  8. 8.0 8.1 The Living Composer Project-Erdener, Turgay. Composers 21. ციტირების თარიღი: 2013-05-21.
  9. "Afife" balesi 14 yıl aradan sonra yeniden sahnede“. Hürriyet Kültür Sanat (Turkish). 2012-11-06. ციტირების თარიღი: 2013-05-21.
  10. Ertan, Özlem (2012-11-29). „Dansçılar, Afife Jale’yi anlatıyor“. Taraf (Turkish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-16. ციტირების თარიღი: 2013-05-21.
  11. „Nereden Sevdim O Zalim Kadını...“. Milliyet (Turkish). 2004-04-13. ციტირების თარიღი: 2013-05-21.
  12. 'Islah Evi' Afife Jale Sahnesi'nde!“. Milliyet (Turkish). 2013-01-02. ციტირების თარიღი: 2013-05-21.
  13. „Afife'yi hafife alma“. Hürriyet (Turkish). 2013-04-27. ციტირების თარიღი: 2013-05-20.