ბიმეტალიზმი
ბიმეტალიზმი — ფულადი სისტემა, რომლის პირობებში საყოველთაო ეკვივალენტის როლი კანონმდებლობით მიკუთვნებული აქვს ორ კეთილშობილ ლითონს — ოქროსა და ვერცხლს. ორივე ლითონისაგან მოჭრილი მონეტები შეუზღუდავად ასრულებენ ფულის ყველა ფუნქციას თანაბარი პირობებით. ბიმეტალიზმი, როგორც ფულადი სისტემა, შუა საუკუნეებში დამკვიდრდა; ცნობილია მისი ორი სახეობა: პარალელური ვალუტის სისტემა და ორმაგი ვალუტის სისტემა.
პარალელური ვალუტის სისტემის არსებობისას ოქროსა და ვერცხლის ფასების შეფარდება (პარიტეტი) მყარდება სტიქიურად, მათი საბაზრო ღირებულების შესაბამისად. ეს სისტემა ახასიათებდა ადრეულ პერიოდს. იგი მოუხერხებელი იყო ანგარიშსწორებისათვის, რადგან ოქროსა და ვერცხლის თანაფარდობა და ე. ი., საქონელთა ფასები სისტემატურად იცვლებოდა.
ორმაგი ვალუტის სისტემის არსებობის პირობებში კი პარიტეტს ოქროსა და ვერცხლს შორის აწესებდა მთავრობა; მაგ., ევროპის ქვეყნებში 1865 წელს ეს თანაფარდობა შეადგენდა 1 : 15,5.
ბიმეტალიზმი არ პასუხობს განვითარებული სასაქონლო წარმოების მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება ფულის ბუნებას, რომელიც მოწოდებულია შეასრულოს საქონელთა საყოველთაო ეკვივალენტის როლი. ბიმეტალიზმის წინააღმდეგობრივმა ხასიათმა და მერყეობამ, ასევე ვერცხლის წარმოების ზრდამ და აქედან გამომდინარე მისი ღირებულების შემცირებამ (ვერცხლისა და ოქროს შეფარდება იყო 1880წ. – 1 : 18, 1907 წ. – 1 : 40) და სხვა ფაქტორებმა XIX საუკუნის დასასრულიდან ოქროს მონომეტალიზმზე გადასვლა გამოიწვია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 373–374.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Bimetallic Standard
- Speeches before the 51st Congress (1889-1891)(ეკონომიკური კვლევების ფედერალური სარეზერვო საარქივო სისტემა).
- Speeches before the 52nd Congress (1891-1893) (ეკონომიკური კვლევების ფედერალური სარეზერვო საარქივო სისტემა).
- Speeches before the 53rd Congress (1893-1895) (ეკონომიკური კვლევების ფედერალური სარეზერვო საარქივო სისტემა).