დეკაბრისტთა აჯანყება
დეკაბრისტთა აჯანყება (რუს. Восстание декабристов) — სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა რუსეთის იმპერიის დედაქალაქ პეტერბურგში, სენატის მოედანზე, 1825 წლის 26 დეკემბერს. მოაწყვეს ფარული ანტისამთავრობო საზოგადოებების წევრებმა, ე.წ. „დეკაბრისტებმა“ („დეკემბრელები“ < декабрь — დეკემბერი). მსგავსი საზოგადოებები რუსეთში 1810–1820-იანი წლებიდან არსებობდა. გამოდიოდნენ მმართველობის არსებული ფორმის არსებითად შეცვლისა (თვითმპყრობელობის შეზღუდვა წარმომადგენლობითი ინსტიტუტებით, უკიდურეს ვარიანტში — რესპუბლიკური მმართველობის დამყარება) და ბატონყმობიდან გლეხთა გათავისუფლებისთვის.
წინაისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დეკაბრისტთა ფარული საზოგადოებები აბსოლუტიზმის წინააღმდეგ მიმართული საერთოევროპული პროცესის ნაწილი იყო. ნაპოლეონ ბონაპარტზე გამარჯვებამ ევროპის ხალხთა ეროვნული თვითშეგნების ამაღლება გამოიწვია. წარმოიქმნა ფარული საზოგადოებები, რომლების იბრძოდნენ დესპოტიზმის წინააღმდეგ და გამოდიოდნენ ეროვნული აღორძინების მხარდასაჭერად. პრუსიაში შეიქმნა ტუგენდბუნდი, იტალიაში მოქმედებდა კარბონარების ფარული საზოგადოებები, საბერძნეთში — ეტერიები. ამ მოძრაობებმა სხვადასხვა დონით პრაქტიკულად მთელი ევროპა მოიცვა. მათი იდეური საფუძველი იყო ფრანგული განმანათლებლობის ფილოსოფია (ვოლტერი, რუსო, დიდრო, მონტესკიე, დ’ალამბერი).
დეკაბრისტებმა რუსულ საზოგადოებრივ აზრში გააგრძელეს დემოკრატიული მიმართულები, რომელიც მანამდე განავითარა ნიკოლოზ ნოვიკოვმა, დენის ფონვიზინმა, ალექსანდრე რადიშჩევმა და სხვ. (საბჭოთა ისტორიოგრაფიაში მათი გავლენა დეკაბრისტების მსოფლმხედველობაზე გაზვიადებული იყო). ფარული საზოგადოებების წევრთა თვითშეგნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა 1812 წლის ომმა ნაპოლეონის წინააღმდეგ და რუსეთის არმიის საზღვარგარეთის ლაშქრობებმა (1813–1814 და 1815; იხ. მეექვსე კოალიციის ომი). ერთ-ერთი დეკაბრისტი, მატვეი მურავიოვ-აპოსტოლი წერდა: „ჩვენ 1812 წლის შვილები ვიყავით“. ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ სახლში დაბრუნებული ჯარისკაცები, რომლებმაც საკუთარი თვალებით იხილეს სხვა ქვეყნების საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოწყობის უპირატესობები, ვერ შეურიგდნენ თვითმპყრობელობას და ბატონყმობას.
პირველი ორგანიზაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანდათანობით, გვარდიის ახალგაზრდობის სამეგობრო წრეებიდან წარმოიქმნა პირველი დეკაბრისტებამდელი ორგანიზაციები, თუმცა მათ შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი — მიხეილ ორლოვის და მატვეი დმიტრიევ-მამონოვის რუს რაინდთა ორდენი (1814–1816), მისი საიმპერატორო უდიდებულესობის მთავარი შტაბის ოფიცერთა საღვთო არტელი (1814–1817), ლეიბ-გვარდიის სემიონოვსკოეს პოლკის არტელი (1814 და 1815), ვლადიმერ რაევსკის წრე კამენეც-პოდოლსკში (1816). მათ წევრებს, როგორც წესი, არ ჰქონდათ მკაფიო პოლიტიკური მიზნები, ძირითადად არსებული წყობის კრიტიკით შემოიფარგლებოდნენ. შემდგომში ამ წრეების მრავალი წევრი (ალექსანდრე მურავიოვი, სერგეი ტრუბეცკი, ივანე პუშჩინი, ივანე იაკუშკინი და სხვ.) ფარულ დეკაბრისტულ საზოგადოებებში შევიდა.
ხსნის კავშირი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1816 წლის დასაწყისში გაჩნდა პირველი საიდუმლო დეკაბრისტული საზოგადოება — ხსნის კავშირი (Союз спасения), ანუ სამშობლოს ჭეშმარიტი და ერთგული შვილების საზოგადოება. მისი დამაარსებლები იყვნენ ახალგაზრდა ოფიცრები — ალექსანდრე მურავიოვი, სერგეი ტრუბეცკი, ივანე იაკუშკინი, ძმები სერგეი და მატვეი მურავიოვ-აპოსტოლები, ნიკიტა მურავიოვი, მიხეილ ლუნინი; შემდგომში მას შეუერთდნენ პავლე პესტელი და სხვები (სულ 30-მდე ადამიანი). საზოგადოების წევრების საერთო მიზნები იყო გლეხთა გათავისუფლება და შეუზღუდავი თვითმპყრობელობის ლიკვიდაცია — კონსტიტუციური მონარქიის დამყარება. ამ მოთხოვნების გაჟღერებას აპირებდნენ ტახტზე ახალი იმპერატორის ასვლის დროს. 1817 წელს, საზოგადოების ერთ-ერთ შეხვედრაზე პირველად გაიჟღერა იმპერატორის მოკვლის, როგორც დასახული მიზნების მიღწევის საშუალების იდეამ. პროგრამასა და მოქმედების ტაქტიკაში აზრთა ერთიანობის არქონის გამო ხსნის კავშირი გაუქმდა.
კეთილდღეობის კავშირი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარდამავალი ორგანიზაციის, სამხედრო საზოგადოების (Военное общество) მცირეხნიანი არსებობის შემდეგ, 1818 წლის იანვარში შეიქმნა კეთილდღეობის კავშირი (Союз благоденствия; დაახლ. 200 კაცი). ს. ტრუბეცკი, მ. მურავიოვ-აპოსტოლის, ნ. მურავიოვის და სხვების მიერ შემუშავდა კავშირის პროგრამა — „მწვანე წიგნი“ (ყდის ფერის მიხედვით), რომელიც მნიშვნელოვნად იზიარებდა ტუგენდბუნდის წესდებას. კავშირის წევრები თავის მიზნად თვლიდნენ სოციალურ-ეკონომიკური წყობის გარდაქმნის (ბატონყმობის გაუქმება, შეზღუდული თვითმპყრობელობა, კონსტიტუციური მმართველობა) აუცილებლობაში საზოგადოების დარწმუნებას. მათი აზრით, გარდაქმნების მამოძრავებელი ძალა უნდა ყოფილიყო მ.შ. მათი ძალისხმევით ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი აზრი. ამის მისაღწევად კავშირის წევრები დაკავებული იყვნენ საგანმანათლებლო და საქველმოქმედო მოღვაწეობით, პრესტიჟული სამხედრო სამსახურიდან გადადიოდნენ სამოქალაქო სამსახურში, აქტიურად მონაწილეობდნენ ლეგალური საგანმანათლებლო საზოგადოებების საქმიანობაში.
კეთილდღეობის კავშირის წევრთა უმრავლესობა დარწმუნებული იყო ევოლუციური გზით არსებული ხელისუფლების მიერ ძირეული რეფორმების გატარების შესაძლებლობაში. მხოლოდ მათი ნაწილი იზიარებდა ხელისუფლების ძალისმიერად ხელში ჩაგდების და შემდეგში ქვეყნის გარდაქმნის იდეებს. 1820 წელს პეტერბურგში შედგა წევრთა თათბირი, რომელზეც მონაწილეები (პავლე პესტელი, ნიკოლოზ ტურგენევი და სხვ.) გამოვიდნენ მმართველობის რესპუბლიკური ფორმის მხარეს. თუმცა ამის შემდეგაც ბევრი (ნიკიტა მურავიოვი და სხვ.) მხარს უჭერდა კონსტიტუციურ მონარქიას. ძალისმიერი მოქმედების მომხრე დეკაბრისტების პოზიციები გაძლიერდა 1820 წელს სემიონოვსკოეს პოლკის გამოსვლის (სასტიკი მოპყრობისა და მუშტრის წინააღმდეგ) და ესპანეთში რაფაელ რიეგო-ი-ნუნიესის მეთაურობით შეთქმულთა წარმატების (იხ. ესპანეთის მეორე რევოლუცია) შემდეგ. კეთილდღეობის კავშირის წევრთა შორის უთანხმოება იქამდე მივიდა, რომ მოსკოვის ყრილობაზე (1821 წლის იანვარი) მიიღეს მისი გაუქმების და ახალი ორგანიზაციის შექმნის გადაწყვეტილება.
სამხრეთის საზოგადოება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კეთილდღეობის კავშირის ტულჩინის გამგეობამ პავლე პესტელის მეთაურობით არ სცნო მოსკოვის ყრილობის გადაწყვეტილება და 1821 წლის მარტში მე-2 არმიის განთავსების რაიონში, პოდოლსკის გუბერნიის ქალაქ ტულჩინში (ახლანდ. უკრაინა) გამგეობის საფუძველზე შეიქმნა დეკაბრისტების სამხრეთის საზოგადოება (Южное общество). საზოგადოების პროგრამული დოკუმენტი გახდა პესტელის მიერ დაწერილი „რუსული სამართალი“ (ხელნაწერზე მუშაობა დასრულებული არ იყო): განზრახული ჰქონდათ, რომ დეკაბრისტების ერთგული საარმიო ქვედანაყოფების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ რუსეთის იმპერია დროებითი მმართველობის მიერ უნდა გამოცხადებულიყო რესპუბლიკად, გაუქმებულიყო ბატონყმობა, გლეხებს კი მიეღოთ დამოუკიდებელი მეურნეობისათვის საკმარისი მიწა (მიჩენილი მიწის ფართობი არ იყო განსაზღვრული).
ჩრდილოეთის საზოგადოება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იმავე 1921 წელს სანქტ-პეტერბურგში გაუქმებული კავშირის სხვა წევრებმა ჩამოაყალიბეს ჩრდილოეთის საზოგადოება (Северное общество), რომელსაც სათავეში ჩაუდგა ნიკიტა მურავიოვი. მან შეადგინა ქვეყნის სამომავლო მოწყობის თავისი პროექტი — ე.წ. კონსტიტუცია: იმპერია უნდა გამხდარიყო კონსტიტუციური მონარქია, გაუქმებულიყო ბატონყმობა, გლეხებს კი გადასცემოდათ საკარმიდამო მიწა და 2 დესეტინა სახნავი მიწა ერთ კომლზე.
1823 წელს წარმოიქმნა გაერთიანებული სლავების საზოგადოება (Общество соединённых славян). ორგანიზატორები იყვნენ პ. და ა. ბორისოვები. 1825 წელს შეუერთდა სამხრეთის საზოგადოებას. ლიტვის ცალკეულ კორპუსში ასევე არსებობდა სამხედრო მეგობართა საზოგადოება (1825; კ. იგელსტრომი, ა. ვეგელინი და სხვ.)
დეკაბრისტების სამხედრო გამოსვლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იმპერატორ ალექსანდრე I-ის სიკვდილის (1825) შემდეგ გაჩნდა მემკვიდრეობის პრობლემა (ე.წ. უმეფობის ხანა). იმპერატორს ვაჟი არ ჰყოლია. მემკვიდრეობით იმპერატორი უნდა გამხდარიყო მისი მომდევნო ძმა კონსტანტინე პავლეს ძე, მაგრამ მან ჯერ კიდევ 1822 წელს თქვა უარი მემკვიდრეობაზე, თუმცა ამის შესახებ თითქმის არავინ იცოდა. იმპერატორის სიკვდილის დროს ის ვარშავაში იყო. მომდევნო ძმამ, ნიკოლოზ პავლეს ძემ, გვარდიის პოლკებმა და სხვებმა, არ იცოდნენ რა მემკვიდრეობაზე უარის თქმის შესახებ, შეჰფიცეს კონსტანტინეს. სიტუაციის გამორკვევის შემდეგ, 1825 წლის 14 (26) დეკემბერს პეტერბურგში უნდა შემდგარიყო ახალი იმპერატორის ნიკოლოზ პავლეს ძისადმი (ნიკოლოზ I) ფიცის დადება. ჩრდილოეთის საზოგადოების წევრებმა გადაწყვიტეს ხელსაყრელი მდგომარეობის გამოყენება და ფიცის დადებაზე უარის თქმის საბაბით სენატის მოედანზე გამოიყვანეს 3000-ზე მეტი გვარდიის ჯარისკაცი და მატროსი. თუმცა აჯანყებულთა პასიურმა ქცევამ ნიკოლოზს საშუალება მისცა მოედნისკენ გაეგზავნა ერთგული ჯარები და არტილერია. შებინდებასთან ერთად აჯანყებულები დაშალეს არტილერიის ცეცხლით. მაშინვე დაიწყო დაპატიმრებები.
29 დეკემბერს (10 იანვარს) კიევის გუბერნიის ვასილკოვის მაზრის ქალაქ ბელაია-ცერკოვის (ახლანდ. უკრაინა) რაიონში დაიწყო ჩერნიგოვის პოლკის აჯანყება, რომელსაც მეთაურობდა სერგეი მურავიოვ-აპოსტოლი. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც აჯანყებულთა კოლონა სოფელ ტრილესისკენ მიემართებოდა, სოფელ კოვალივკის სიახლოვეს მათ შეხვდა სამთავრობო ჯარების რაზმი, რომელმაც კარტეჩის ცეცხლით დაშალა ისინი. წარუმატებლად დასრულდა ფიცის დადების ცერემონიების ხელშეშლის მცდელობები ბელოსტოკში (სამხედრო მეგობართა საზოგადოების მიერ) და ბობრუისკში (გაერთიანებული სლავების საზოგადოების მიერ).
გამოძიება და სასჯელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოძიება შეეხო 579 ადამიანს; 289 ცნეს უდანაშაულოდ, 131 გადაეცა სასამართლოს. სისხლის სამართლის უმაღლესმა სასამართლომ პ. პესტელს, კ. რილეევს, ს. მურავიოვ-აპოსტოლს, მ. ბესტუჟევ-რიუმინს და პ. კახოვსკის მიესაჯათ სიკვდილით დასჯა ხელ-ფეხისა და თავის მოკვეთით, კიდევ 31 ადამიანს, 1-ელი რანგის დამნაშავეებს, — თავის მოკვეთა. იმპერატორმა პირველ ხუთს სასჯელი ჩამოხრჩობით შეუცვალა, დანარჩენებს კი სამუდამო ან 20-წლიანი კატორღა მიუსაჯა. სხვადასხვა ვადით გადაასახლეს დანარჩენი დეკაბრისტები (სასჯელს გადაურჩა მხოლოდ ნ. ტურგენევი, რომელიც ამ დროს დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა და უარი თქვა რუსეთში დაბრუნებაზე). 180-მდე ჯარისკაცი გაატარეს ალაიაში, 20-ზე მეტი გაამათრახეს და ჯოხებით სცემეს, შემდეგ კი გადაასახლეს ციმბირში, ჩიტაში, შემდეგ — ნერჩინსკი-ზავოდში, პეტროვსკი-ზავოდში (ახლანდ. პეტროპავლოვსკ-ზაბაიკალსკი). დანარჩენები ნაკრები საგვარდიო პოლკის შემადგენლობაში შეიყვანეს და გააგზავნეს კავკასიაში (აქ მოხვდნენ ჩერნიგოვის პოლკის ჯარისკაცებიც). მომდევნო იმპერატორმა, ალექსანდრე II-მ 1856 წლის 26 აგვისტოს (7 სექტემბერს) ცოცხლად დარჩენილი დეკაბრისტები შეიწყალა. ციმბირიდან დაბრუნებულმა დეკაბრისტებმა ენთუზიაზმით მიიღეს იმპერატორის მიერ გატარებული რეფორმები, ზოგიერთი მათგანი კი პირადად მონაწილეობდა მათ მომზადებაში.
დეკაბრისტების მრავალი დოკუმენტი (მ. ლუნინის, ს. ვოლკონოვსკის, ა. მურავიოვის და სხვათა წერილები, ჩანაწერები, სტატიები, თხზულებები) გამოქვეყნებულია „პოლარული ვარსკვლავის“ სერიის გამოცემებში (ტ. 1–25, 1978–2005).
დეკაბრისტები და საქართველო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აჯანყების ჩახშობის შემდეგ მთავრობა კავკასიაში ასახლებდა ოპოზიციურად განწყობილ ახალგაზრდებს. საქართველოში მსახურობდნენ პოეტი ვ.კიუხელბეკერი, ლიტერატორები ე. ლაჩინოვი და პ. მუხანოვი, აგრეთვე ფარული საზოგადოების წევრები ან აჯანყების მონაწილეები: ა. იაკუბოვიჩი, თ. ბაშმაკოვი, ა. ავენარიუსი, დეკაბრისტულ წრეებთან დაახლოებული ა. გრიბოედოვი და სხვ. ისინი ხშირად იკრიბებოდნენ თბილისში და მსჯელობდნენ აქტუალურ პოლიტიკურ და ლიტერატურულ საკითხებზე. მაგ., ვ. კიუხელბეკერი 1821 წლის მიწურულიდან თბილისში მსახურობდა და ხშირად ხვდებოდა თავის მეგობარ ა. გრიბოედოვს. საქართველოს მან რამდენიმე ნაწარმოები მიუძღვნა (ლექსი „ბედმა ალერსი მე არ მარგუნა“, პოემა „იური და ქსენია“ და სხვ.). რუსეთ-ირანის 1826–1828 და რუსეთ-ოსმალეთის 1828–1829 წლების ომების დროს კავკასიაში გადაიყვანეს 65-მდე დეკაბრისტი ოფიცერი, აჯანყების მონაწილე 2 ათასზე მეტი ჯარისკაცი და ამ მოძრაობასთან დაკავშირებული მრავალი მოღვაწე.
დეკაბრისტების გარკვეული გავლენა განიცადეს ქართველი მოღვაწეების 1832 შეთქმულების რადიკალურად განწყობილმა მონაწილეებმა, კერძოდ, სოლომონ დოდაშვილმა და გრიგოლ ორბელიანმა. ამ უკანასკნელმა კ. რილეევის „ნალივაიკოს აღსარება“ ქართულად გადმოაკეთა და ფარული საზოგადოების კრებაზე წაიკითხა. გადმოსახლებულთა შორის იყვნენ ლიტერატორები და ჟურნალისტები, მაგ., ვ. სუხორუკოვი, ა. ვედენიაპინი, გ. ორჟიცკი, ი. ბურცოვი, ნ. ცებრიკოვი, ძმები ბესტუჟევები. 30-იან წლებში მათ შეუერთდათ ს. კრივცოვი, ვ. ნოროვი, ა. კორნილოვიჩი, ა. ოდოევსკი და სხვ. ა. ბესტუჟევმა (მარლინსკი) და ა. ოდოევსკმა მრავალი ფურცელი უძღვნეს საქართველოს და კავკასიას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Мироненко С. В. Декабристы // Большая российская энциклопедия. т. 8. — М., 2007. — стр. 438.
- Sherman, Russell & Pearce, Robert (2002) Russia 1815–81, Hodder & Stoughton;
- Crankshaw, E. (1976). The Shadow of the Winter Palace : Russia's Drift to Revolution, 1825–1917. New York: Viking Press;
- ბარამია ლ., დეკაბრისტები საქართველოში, თბ., 1955; რუსი მწერლები საქართველოს შესახებ, შემდგ. ვ. შადური, ტ. 1, თბ., 1949;
- სურგულაძე ა., ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპოქა, თბ., 1968.
- შადური ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Decembrist exile in Irkutsk
- Decembrist exile in Siberia (რუსული)
- Online Museum of the Decembrist movement (რუსული)