შინაარსზე გადასვლა

კარლ პრიუფერი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კარლ-მაქს პრიუფერი (გერმ. Curt Max Prüfer; დ. 26 ივლისი, 1881, ბერლინ-ფრაიდენაუ, — გ. 30 იანვარი, 1959, ბადენ-ბადენი) — გერმანელი დიპლომატი, არაბისტი.

1906 წელს დაამთავრა ერლანგენ-ნურემბერგის უნივერსიტეტი, სადაც სემიტურ ენებს სწავლობდა. არაბულის სრულყოფილად ფლობის გამო 1907 წლიდან კაიროში გერმანიის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მიავლინეს. იქ მომუშავე დიპლომატის და არქეოლოგის მაქს ფონ ოპენჰაიმის ზეგავლენით ჩამოუყალიბდა გამოკვეთილი ანტი-ბრიტანული შეხედულებები. პირველი მსოფლიო ომის წლებში იყო ახლო აღმოსავლეთში გერმანიის სადაზვერვო და დივერსიული საქმიანობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1926 წლის 27 თებერვლიდან 1927 წლის 26 ნოემბრამდე იყო გერმანიის გენერალური კონსული თბილისში. მისი აქ ყოფნა დაემთხვა საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის დიპლომატიურ სკანდალს, რომელიც გამოიწვია 1925 წლის დეკემბერში საკონსულოს თანამშრომლების დაპატიმრებამ ჯაშუშობის ბრალდებით და ბათუმის ვიცე-საკონსულოდან დოკუმენტების კონფისკაციამ. პრიუფერი ცდილობდა ადგილობრივ საბჭოთა ხელისუფლებასთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებას და ამავდროულად გერმანული ეკონომიკური ინტერესების დაცვას კავკასიის რეგიონში. შემდეგ პრიუგერი მუშაობდა გერმანიის დიპლომატიურ წარმომადგენლად ეთიოპიაში (1927-1930), საგარეო საქმეთა სამინისტროში ახლო აღმოსავლეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელად (1930-1936) და კადრების გენერალურ დირექტორად (1936-1939). 1937 წლიდან იყო ნაცისტური პარტიის წევრი; გამოირჩეოდა ანტისემიტიზმით, თუმცა თვლიდა, რომ ჰოლოკოსტი გერმანიის ინტერესებს აზიანებდა. 1939 წელს დაინიშნა ელჩად ბრაზილიაში, საიდანაც 1942 წელს გააძევეს და მასზე საქმე აღძრეს ჯაშუშობის ბრალდებით. გერმანიაში დაბრუნების შემდეგ კვლავ საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის დეპარტამენტში მუშაობდა. 1943 წლის სექტემბერში პენსიაზე გავიდა და ოჯახთან ერთად შვეიცარიაში გადასახლდა.