სულიკო კოროშინაძე
სულიკო კოროშინაძე | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 17 დეკემბერი, 1932 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
წარმოშობა | ქართველი |
გარდ. თარიღი | 16 დეკემბერი, 2011 (78 წლის) [1] |
გარდ. ადგილი | თბილისი |
ჟანრ(ებ)ი | საესტრადო მომღერალი, ფოლკლორისტი |
საქმიანობა | მუსიკოსი, პედაგოგი |
აქტიური | 1960, 1966, 1969, 1984 წლები |
მეუღლე | ანა კოროშინაძე |
სულიკო კოროშინაძე (დ. 17 დეკემბერი, 1932, თბილისი ― გ. 16 დეკემბერი, 2011, თბილისი) — ქართველი საესტრადო მომღერალი, ფოლკლორისტი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1967), თბილისის საპატიო მოქალაქე (2011).
დაიბადა 1932 წელს ქ. თბილისში. იგი მდიდარი სასიმღერო ტრადიციების ოჯახში გაიზარდა. პაპა — ერმილე, ბიძები: ევგენი და მიხეილ კოროშინაძეები, საქართველოს ეთნოგრაფიული ანსამბლის გურული სიმღერების საუკეთესო შემსრულებლებად ითვლებოდნენ. დედა — ანა კოროშინაძე წლების მანძილზე საქართველოს მეჩონგურე ქალთა ანსამბლის წამყვანი სოლისტი იყო და კრიმანჭულის უბადლო შემსრულებელი.
სულიკო კოროშინაძე სწავლობდა ვაჟთა 20-ე სკოლაში, სადაც მონაწილეობას იღებდა სკოლის საზეიმო საღამოებში და ხალხურ სიმღერებს ასრულებდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში, საფაკულტეტო და საუნივერსიტეტო კონცერტების, ფესტივალების, თუ ოლიმპიადების უცვლელი მონაწილეა. უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა იგი, როგორც საესტრადო მომღერალი და შემსრულებელი.
1956 წელს სულიკო კოროშინაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (გეოგრაფია–გეოლოგია) დაამთავრა. ამ დროს საქართველოს ფილარმონიასთან ჩამოყალიბდა საესტრადო ორკესტრი, გიორგი გაბისკირიას ხელმძღვანელობით. ჩატარებულ კონკურსში უამრავი მსურველი მონაწილეობდა. სულიკომ გაიმარჯვა და ორკესტრის სოლისტი გახდა. შემდგომში ორკესტრმა კვლავ განიცადა შემოქმედებითი გადახალისება. 1960 წლიდან ორკესტრს ეწოდა საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი „რერო“, რომლის სოლისტი კოროშინაძე 25 წელი იყო. მისი ხელმძღვანელი იყო ქართული ესტრადის ქომაგი და მოამაგე კონსტანტინე პევზნერი.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1967 — საქართველოს დამსახურებული არტისტი[2]
- 1996 — ღირსების ორდენი ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
- 2011 — თბილისის საპატიო მოქალაქე