შინაარსზე გადასვლა

ტრანსპლანტაცია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გულის გადანერგვის პირველი ოპერაცია სამხრეთ აფრიკა, 1967 წელი

ტრანსპლანტაცია(ლათ. transplatatio, transplanto - გადავნერგავ) — ქსოვილთა და ორგანოთა გადანერგვა. ადამიანისა და ცხოველების ორგანოთა ტრანსპლანტაციას სხვადასხვა დანიშნულება აქვს: გადანერგვა სხეულის დეფექტის აღსადგენად, რეგენერაციის დასაჩქარებლად. კოსმეტიკური მიზნით, ქსოვილური თერაპიისთვის, ექსპერიმენტული კვლევისთვის. ორგანიზმს, რომლიდანაც იღებენ გადასანერგ მასალას, დონორი ეწოდება, ხოლო რომელშიც გადააქვთ - რეციპიენტი. გადანერგვისას აუცილებლად გასათვალისწინებელია ეგრეთ წოდებული ტრანსპლანტანტის გადანერგვის რეაქცია. ეს პროცესი იმუნოლოგიური ხასიათისაა, რაც კარგად მტკიცდება იმავე დონორიდან ტრანსპლანტატის ხელმეორედ გადანერგვით. ეს იწვევს ტრანსპლანტანტის ორჯერ უფრო სწრაფად დაშლას და განდევნას. ტრანსპლანტაცია იმუნოლოგიური კონფლიქტის გარეშე მიმდინარეობს, თუ დონორი და რეციპიენტი ერთი კვერცხისეული ტყუპია,თუ ორივე ცხოველი მიეკუთვნება წმინდა ხაზს (ორივე შემთხვევაში გადანერგვას ეწოდება სინგენური), თუ რეციპიენტს ემბრიონულ პერიოდში ან დაბადებისთანავე შევუყვანთ დონორის ლიმფურ უჯრედებს. ასეთი რეციპიენტი შემდეგ მიიღებს დონორის ყველა ტრანსპლანტატს. ტრანსპლანტატის სიცოცხილს გახანგრძლივება შეიძლება, თუ რეციპიენტს დავასხივებთ. გარდა ამისა, გადანერგვა ხარისხიანია იმ შემთხვევაში, თუ ქსოვილი არ შეიცავს ან ნაკლები რაოდენობით შეიცავს ლიმფურ ქსოვილს (რქოვანას გადანერგვა). ძვლოვანი და სისხლძარღვების ტრანსპლანტატნტები, მართალია განიდევნებიან, მაგრამ მანამდე ერთგვარი ხარაჩოს მაგივრობას სწევენ, რაც აადვილებს რეციპიენტის შესაბამისი ქსოვილების რეგენერაციას. ტრანსპლანტაციის მეთოდს ხშირად მიმართავენ ექსპერიმენტულ ემბრიონოლოგიაში. ასე გამოიკვლიეს ცენტრალური ნერვული სისტემის, გრძნობის ორგანოების განვითარების თავისებურებები, ერთი ჩანასახის ზეგავლენა მეორეზე და ასე შემდეგ. ტრანსპლანტაციის მეთოდს მიმართავენ პოსტემბრიონულ პერიოდში, სხვადასხა პროცესის ჩამოყალიბების ან ამა თუ იმ ორგამოს ფუნქციების კვლევის დროს.

ტრანსპლანტაციის ტიპები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავტოტრანსპლანტაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთი ორგანიზმის ფარგლებში გადანერგვა. პლასტიკურ ქირურგიაში ხშირად მიმართავენ ავტოტრანსპლანტაციას.

ალოგენური ტრანსპლანტაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთი სახეობის ინდივიდიდან იმავე სახეობის მეორე ინდივიდში ტრანსპლანტაცია. ტრანსპლანტაციების უმეტესობა სწორედ ამ მეთოდით ხდება. ტრანსპლანტაციის უარყოფის რისკი შეიძლება შეფასდეს პანელის რეაქტიული ანტისხეულების დონის გაზომვით.

ქსენოტრანსპლანტაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა გვარს, ოჯახსა და რიგს შორის ტრანსპლანტაცია. მაგალითისთვის, გოჭის გულის სარქველის ტრანსპლანტაცია, რომელიც საკმაოდ წარმატებულია. თუმცა, ქსენოტრანსპლანტაცია ტრანსპლანტაციის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფორმაა, რადგან ის შეუთავსებლობის რისკებს შეიცავს.

დომინოს პრინციპით ტრანსპლანტაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კისტოზური ფიბროზით დაავადებულ ადამიანებში, რომელთაც ესაჭიროებათ ორივე ფილტვის ტრანსპლანტაცია, ტექნიკურად უფრო მარტივია და ამავდროულად წარმატების უფრო მაღალ შესაძლებლობას იძლევა, თუ ორგანოებს ჩავანაცვლებთ როგორც ფილტვების, ასევე გულის ტრანსპლანტანტით. თუ რეციპიენტის თავდაპირველი გული ჩვეულებრივ ჯანმრთელია, მაშინ ის შეიძლება ჩაენაცვლოს მეორე რეციპიენტის ორგანოს, რომელსაც სჭირდება გულის ტრანსპლანტაცია. ამგვარად კისტოზური ფიბროზით დაავადებული ადამიანი ხდება გულის დონორი. 2016 წელს, სტენფორდის სამედიცინო ცენტრში, ქალს, რომელსაც ჰქონდა კისტოზური ფიბროზი სჭირდებოდა გულ-ფილტვის ტრანსპლანტაცია. მეორე პაციენტი, რომელმაც თავისმხრივ მიიღო გული, იყო ქალი მარჯვენა პარკუჭის დისპლაზიით, რაც იწვევდა სახიფათო რიტმს. ოპერაციას დასჭირდა სამი სამედიცინო გუნდი. მათგან ერთი გარდაცვლილი დონორიდან ფილტვების და გულის ამოსაღებად.

ტრანსპლანტაცია მცენარეებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცენარის ერთი ნაწილის (კალამი) გადანერგვა იმავე მცენარის სხვა ადგილზე ან სხვა მცენარეზე. გადანერგვის ადგილზე ჰორმონთა გავლენით ინტენსიურად მიმდინარეობს უჯრედთა დაყოფა, ხდება ქსოვილთა შეზრდა, ხშირად ამ ადგილზე წარმოიქმნება კალუსი. მცენარეებში ტრანსპლანტაციას მიმართავენ გამძლე ჯიშების მისაღებად, კალმების დასაფესვიანებლად, ყვავილობისა და მსხმოიარობის ვადების დასაჩქარებლად. აგრეთვე ნაყოფის ხარისხის გასაუმჯობესებლად და მოსავლიანობის გასაზრდელად. ტრანსპლანტაციის მეთოდს წარმატებით იყენებენ მცენარეთა ზრდა განვითარების ჰორმონული რეგულაციის გამოკვლევისას. დადგენილია, რომ კვირტებში გროვდება აუქსინი, რომელიც ხელს უწყობს კალუსში გამტარი ქსოვილის ჩამოყალიბებას. ამავე მეთოდითაა გამოკვლეული ყვავილობის გამომწვევი ფაქტორები. იმის გამოსაკვლევად, თუ რა როლს თამაშობს ბირთვი და ციტოპლაზმა განსხვავებული ნიშან-თვისებების გამოვლენაში, ხშირად მიმართავენ უმდაბლესი მცენარეების, განსაკუთრებით ერთუჯრედიანების, უჯრედის ორგანელების ტრანსპლანტაციას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: