შინაარსზე გადასვლა

ტრაქეოტომია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტრაქეოტომია (ტრაქეა და ბერძ. στóμα — გაჭრა, გაკვეთა) — სასულის გაკვეთა, გადაუდებელი ოპერაცია სუნთქვის დარღვევის დროს; რეანიმაციის მეთოდი. ტრაქეის განვლადობის დარღვევისას (ანთებითი შეშუპება, სიმსივნე, სახმო იოგების სპაზმი, ტრავმა, უცხო სხეულის მოხვედრა) დაბრკოლების ქვემოთ საჰაერო გზებში ჰაერის მოსახვედრად იყენებდნენ XVI საუკუნიდან, თუმცა იგი ცნობილი იყო ჯერ კიდევ ასკლეპიადეს და გალენოსის დროს. თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში ტრაქეოტომიას მიმართავენ მაშინაც, როცა სასუნთქი გზები თავისუფალია (მაგალითად, ცნობიერების დაკარგვისას, როცა გაქრება ხველებისა და სუნთქვის რეფლექსები; ფილტვის შეშუპების, ან გულმკერდის ტრავმის შედეგად სუნთქვის დარღვევის დროს და სხვა). ტრაქეას კვეთენ გასწვრივად (უფრო ხშირად) ან განივად ფარისებრი ჯირკვლის ყელის ზემოთ (ზემო ტრაქეოტომია) ან ქვემოთ (ქვემო ტრაქეოტომია). ტრაქეის განაკვეთში შეჰყავთ მაღალხარისხოვანი ლითონის ან პლასტიკატისგან დამზადებული ორმაგი მილი. შიგნით მდებარე მილს ხანდახან იღებენ სტერილიზაციის მიზნით, ხოლო ტრაქეის ხვრელიდან (ტრაქეოსომა) ხდება პრეპარატების მიწოდება და სუნთქვითი რეანიმაცია. ტრაქეოსტომის ლიკვიდაცია (დეკანულაცია) ხდება სუნთქვის აღდგენის შემდეგ. ტრაქეის დეფექტი ჩვეულებრივ გართულებების გარეშე ხორცდება.