შინაარსზე გადასვლა

ფაუ-2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაკეტა V-2 ასლი პენემიუნდეს მუზეუმში. ისევე როგორც ორიგინალში, რაკეტის საფუძველზე დატანილია ლოგოტიპი ფილმიდან „გოგონა მთვარეზე“ (1929).

ფაუ-2 (ოფიციალური სახელი — აგრეგატი 4, სახელწოდება ფაუ-2 წარმოდგება გერმანული სიტყვიდან Vergeltungswaffe „შურისძიების იარაღი“) — პირველი რეალური საბრძოლო რაკეტა შექმნილი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის არმიის მიერ. მთავარი კონსტრუქტორია ვერნერ ფონ ბრაუნი (Wernher Magnus Maximilian Freiherr von Braun). ეს იყო ადამიანის მიერ შექმნილი პირველი საგანი, რომელმაც კოსმოსში შეაღწია (მისი ზოგიერთი ეგზემპლარი 189 კმ სიმაღლეზე ადიოდა). ძირითადში გამოიყენებოდა 1944—1945 წლებში. ამ პერიოდში ვერმახტმა გამოუშვა ასეთი 3,000-მდე რაკეტა და იყენებდა ბრიტანეთის და ბელგიის ქალაქების წინააღმდეგ, რასაც დაახ. 7,250 სამოქალაქო და სამხედრო პირის დაღუპვა მოჰყვა. რაკეტა მოგვიანებით იქცა აშშ და სსრკ რაკეტული იარაღის და კოსმოსის ათვისების საფუძვლად.

ისტორია

1927 წელს გერმანიაში არსებული საზოგადოების Verein für Raumschiffahrt („კოსმოსური ფრენის საზოგადოება“) წევრებმა დაიწყეს ექსპერიმენტები თხევადსაწვავიანი რაკეტების შესაქმნელად. მყარსაწვავიანი რაკეტები ორივე მებრძოლი მხარის მიერ გამოიყენებოდა პირველი მსოფლიო ომის დროს, მაგრამ ვერსალის ხელშეკრულებით გერმანიას აეკრძალა მათი შემდგომი გამოკვლევები. 1932 წელს რაიჰსვერის ხელმძღვანელობამ ყურადღება მიაქცია თხევადსაწვავიან რაკეტებს (მათ შესახებ ვერსალის ხელშეკრულებაში არაფერი იყო ნათქვამი), რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა შორსმსროლელი არტილერიის რანგში. კერძოდ, გენერალ ვალტერ დორნბერგერს აჩვენეს ექსპერიმენტული რაკეტა, რომელიც შექმნა ახალგაზრდა სპეციალისტმა ვერნერ ფონ ბრაუნმა. მიუხედავად იმისა, რომ რაკეტის შესაძლებლობები შეზღუდული იყო, დორნბერგერი დაინტერესდა სამუშაოებით და ფონ ბრაუნს შესთავაზა განეგრძო მუშაობა და ემუშავა სამხედროების მეთვალყურეობით. ფონ ბრაუნმა და საზოგადოების წევრების დიდმა ნაწილმა ეს რჩევა მიიღო. 1934 წლის დეკემბრისათვის ფონ ბრაუნის ჯგუფმა მიაღწია გარკვეულ წარმატებებს A-2 გამოცდაში და ამ რაკეტის საიმედოობის ამაღლებაში. A-2 საწვავად იყენებდა ეთილის სპირტს და მჟანგველად თხევად ჟანგბადს. მათ მიერ ბევრი სხვადასხვა საწვავი იქნა გამოცდილი, მაგრამ გერმანელი სამხედროები მხარს უჭერდნენ ეთილის სპირტის გამოყენებას და არა ნავთისას, რომლის დეფიციტსაც გერმანია განიცდიდა ხოლმე მის ტერიტორიაზე ნავთობის საბადოების არარსებობის გამო. მეორე მსოფლიო ომის დროს რაკეტები საწვავად იყენებდნენ სწორედ ეთილის სპირტს, რომელსაც ძირითადში კარტოფილიდან ღებულოდნენ.

1936 წლიდან ფონ ბრაუნის ჯგუფი გადაერთო A-2-დან A-3 და A-4 რაკეტების შექმნაზე. ეს უკანასკნელი იყო სრული ზომის რაკეტა მოქმედების რადიუსით 175 კილომეტრი, მაქსიმალური სიმაღლით, რომლის მიღწევა შეეძლო 80 კილომეტრი და სასარგებლო ტვირთით 1 ტონა. ეს შესაძლებელი გახდა ძრავის მკვეთრი გაუმჯობესებით, რომელიც ვალტერ ტილის (Walter Thiel) დამსახურება იყო. ნათელი გახდა, რომ ფონ ბრაუნის პირმშოები უკვე რეალურ საბრძოლო იარაღად იქცნენ და დორნბერგერმა სამუშაო ჯგუფი საარტილერიო პოლიგონიდან, რომელიც იქამდე ბერლინთან ახლოს კუმერსდორფში მდებარეობდა, გადაიყვანა პატარა ქალაქ პენემუნდეში, ბალტიის ზღვაში არსებულ პატარა კუნძულ უზედომზე მეტი კონსპირაციისა და მეტი ადგილისათვის რაკეტების გამოსაცდელად.

A-3 აჩვენა, რომ მეტად არასრულყოფილი იყო და მასზე მუშაობის შედეგად გადაკეთებული რაკეტა მოიხსენიებოდა უკვე, როგორც A-5. ეს უკანასკნელი სრულიად სანდო აღმოჩნდა და 1941 წლისათვის სამუშაო ჯგუფმა გაუშვა 70 A-5. პირველი A-4 კი გაფრინდა 1942 წლის მარტში, მან დაფარა 1,6 კილომეტრი და წყალში ჩავარდა. მეორე გაშვების დრო A-4 მიაღწია 11 კილომეტრ სიმაღლეს, ვიდრე აფეთქდებოდა. მესამე რაკეტამ გაშვებულმა 1942 წლის 3 ოქტომბერს კარგად იმუშავა, დაფარა 193 კილომეტრი მანძილი და მიაღწია 80 კილომეტრ სიმაღლეს.

ფაუ-2 წარმოება დაიწყო 1943 წელს „სასწაული იარაღის“, იგივე „შურისძიების იარაღის“ (Vergeltungswaffe) სახელწოდებით, რომელიც მას შეარქვა გებელსის პროპაგანდამ. მოკავშირეებმა მაშინ უკვე იცოდნენ ამ იარაღის არსებობის შესახებ. ერთ-ერთი ასეთი რაკეტა აღმოჩენილი იქნა პოლონელი პარტიზანების მიერ მდინარე დასავლეთ ბუგის ნაპირებთან და მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილები თვითმფრინავით დიდ ბრიტანეთში იქნა გაგზავნილი.

ინგლისელებმა მიიღეს ზომები ამ რაკეტის წარმოების შესაჩერებლად იმით, რომ ხშირად ბომბავდნენ პენემუნდეს. ვალტერ ტილი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ფაუ-2 რაკეტის ძრავაზე, დაიღუპა ერთ-ერთი ასეთი მსხვილი დამომბვის დროს („ოპერაცია ჰიდრა“) 1943 წლის 16 — 17 აგვისტოს ბევრ სხვა მერაკეტესთან ერთად.

ტექნიკური დეტალები

ფაუ-2 იყო უპილოტო თვითმართვადი ბალისტიკური რაკეტა. მის შესაქმნელად საჭირო ბევრი იდეა გადმოღებული იქნა რობერტ გოდარდის შრომებიდან, კერძოდ ეს ეხება საწვავს, ძრავას და მართვის სისტემებს.

გაშვებისას ფაუ-2 იღებდა ვერტიკალურ სტარტს და მისი სანავიგაციო მოწყობილობები მიმართავდნენ რაკეტას მიზნისაკენ ფრენის აქტიური პერიოდის განმავლონაში, ანუ სანამ რაკეტის ძრავა მუშაობდა. საწვავის გამოლევის მერე რაკეტა მიფრინავდა ბალისტიკური ტრაექტორიით. ფაუ-2 ფრენის რადიუსი იყო დაახლოებით 300 კილომეტრი და მას მიჰქონდა ერთი ტონა საბრძოლო თავი. მისი წრიული აცდენის ალბათობა იყო 17 კილომეტრი. ეს ნიშნავდა, რომ 300 კილომეტრ მანძილზე ფაუ-2 ჰქონდა მხოლოდ 50 % შანსი იმისა რომ 17 კილომეტრი რადიუსის წრის შიგნით მოხვედრილიყო. ასეთი სიზუსტის მქონე რაკეტა შეიძლებოდა დამიზნებოდა დიდ ქალაქს, მაგრამ არა რომელიმე კერძო შენობას. თანამედროვე საკონტინენტთაშორისო რაკეტებს („მინიტმენი“ მაგალითად) წრიული აცდენის ალბათობა აქვთ 100 მეტრი 10 000 კილომეტრ მანძილზე. მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ჩატარებულ იქნა ზოგიერთი ცდა, რომ გამოეყენებინათ უფრო დიდი ზომის საწვავის და მჟანგველის ავზები, რათა რაკეტას მოძრაობის არეალი გაზრდილიყო.

ფაუ-2 იყენებდა 3800 კილოგრამ ეთილის სპირტს საწვავად და 4900 კილოგრამ თხევად ჟანგბადს მჟანგველად. საწვავის და მჟანგველის ტუმბოებად გამოყენებული იყო ორთქლის ტურბინები სადაც ორთქლი წარმოიქმნებოდა წყალბადის ზეჟანგისგან რომელიც შერეული იყო კალიუმის პერმანგანატის ხსნარს. საწვავი ინახებოდა ალუმინის ავზში, რომელიც ძვირად უჯდებოდა გერმანიის ეკონომიკას, რადგან ალუმინი ძვირადღირებული ლითონი იყო. ძრავა მუშაობას იწყებდა როდესაც ორი ჰიპერგოლური ნივთიერება შეერეოდა ერთმანეთს წვის კამერაში, ამის შედეგად წარმოიქმნებოდა ალი, რომელიც ანთებდა ძირითად საწვავს და მჟანგველს.

ფაუ-2 ძრავა

წვის კამერაში ტემპერატურა 2500−2700 ° აღწევდა ცელსიუსით. საწვავი იტუმბებოდა წვის კამერის ორმაგი კედლების გარშემო. ამის შედეგად გრილდებოდა წვის კამერა და ცხელდებოდა საწვავი. საწვავი წვის კამერაში მიეწოდებოდა 1224 წვრილი ნახვრეტიდან რომელიც უზრუნველყოფდა იმას, რომ საწვავი და მჟანგველი კარგად ერეოდა ერთმანეთს წვის მთელი პროცესის განმავლობაში. წვრილი ნახვრეტებიდან საწვავის ნაწილი პირდაპირ წვის კამერაში მიდიოდა და ქმნიდა თავისებურ დამცავ ფენას, რომელიც იცავდა წვის კამერის კედლებს მის ყველაზე ვიწრო-ზედა ნაწილში. ეს დამცავი ფენა იწვოდა ატმოსფეროში, რაც იწვევდა ფაუ-2 გრძელ გამომავალ ალს.

ფაუ-2 იმართებოდა გიროსკოპიული ინერციული ნავიგაციური სისტემის მიერ, რომელიც აკონტროლებდა ოთხ გარე საჭეს სტაბილიზატორებზე და ოთხ შიდა გრაფიტის საჭეს ძრავის გამოსასვლელთან. LEV-3 მართვის სისტემა შედგებოდა ორი თავისუფალი გიროსკოპისაგან (ჰორიზონტალური და ვერტიკალური) გვერდითი სტაბილიზაციისათვის და გიროსკოპიული აქსელერატორისგან. მოგვიანებით ზოგიერთი ფაუ-2 იყენებდა დედამიწიდან გადმოცემულ რადიოსიგნალს იმისათვის, რომ რაკეტა თავისი მიზნისაკენ მიემართა, მაგრამ უფრო ადრე ფაუ-2 იყენებდა მარტივ ანალოგიურ კომპიუტერს, რომელიც აყენებდა აზიმუტს რაკეტისათვის. ფრენის მანძილი კონტროლდებოდა რაკეტაში არსებული აქსელერომეტრების მეშვეობით.

ფაუ-2 უმეტესობა შეღებილი იყო სხვადასხვა სახის კამუფლიაჟით, მაგრამ ომის ბოლოსკენ გამოჩნდა მწვანე-ყავისფრად შეღებილი რაკეტებიც. გამოცდის დროს რაკეტები იღებებოდა ჭადრაკისებურად შავ-თეთრ ფერებში, რომელიც საშუალებას იძლეოდა გარკვეულიყო მოძრაობდა თუ არა რაკეტა გრძივი ღერძის გარშემო.

მთლიანობაში დაახლოებით 6 000 ფაუ-2 იქნა აგებული რომელთაგან 3 500 იქნა გაშვებული მოკავშირეთა წინააღმდეგ. ომის დასასრულს მოკავშირეებს რამდენიმე ასეული ფაუ-2 ჩაუვარდათ ხელში, როგორც ომის ნადავლი.

ფაუ-2 ტექნიკური მონაცემები:

სიგრძე მმ-14 000

კორპუსის დიამეტრი მმ-1 650

კორპუსის დიამეტრი სტაბილიზატორების ჩათვლით მმ-3 550

სასტარტო მასა კგ-12 900

ფეთქებადი ნივთიერება კგ-750

წყალბადის ზეჟანგი კგ-129

საწვავის ხარჯი კგ/წმ-127

საწვავის წვის ხანგრძლივობა წმ-65

წევა სტარტის დროს კგ-25 000

გადატვირთვა სტარტზე g-0,9

გაშვების ადგილები

დორნბერგერს ყოველთვის უნდოდა მოძრავი გასაშვები ბაქნები, მაგრამ ჰიტლერი დაჟინებით ითხოვდა მასიურ მიწისქვეშა ბუნკერებს რაკეტების გასაშვებად. მისი გეგმების თანახმად ფაუ-2 უნდა გამოეშვათ ქარხნებიდან უწყვეტი ნაკადის სახით ისე, რომ რაკეტები განუწყვეტლივ გაეშვათ დასახული მიზნისკენ.

პირველი ასეთი გასაშვები ბუნკერის მშენებლობა დაიწყო 1943 წელს ჩრდილო საფრანგეთში. ინგლისელებმა ის თითქმის მაშინათვე შეამჩნიეს და მისი დაბომბვა დაიწყეს, რითაც საბოლოო ჯამში აიძულეს გერმანელები, რომ მიეტოვებინათ ეს ადგილები მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანულ 5 000 კგ-იან საავიაციო ბომბებს დიდი ზეგავლენა არ ჰქონიათ და ეფექტიანობით არ გამოირჩეოდნენ.

მეორე გასაშვები ბუნკერის მშენებლობა გერმანელებმა დაიწყეს უზარმაზარ კარიერში, რომელსაც La Coupole ერქვა მაგრამ მალე ისიც განადგურდა საჰაერო დაბომბვების შედეგად. ამის შემდეგ გერმანელებმა შერბურგის სამხრეთით გადაინაცვლეს, მაგრამ გასაშვები ბუნკერი ისევ გაანადგურეს მოკავშირეებმა-ამჯერად ბეტონიც კი არ იყო შემშრალი.

გერმანელებმა გეგმა შეცვალეს და დაიწყეს მოძრავი ბაქნების მშენებლობა, რომლებიც სატვირთო მანქანებს დაჰყავდათ. დაახლოებით 30 ასეთი მანქანა სჭირდებოდა რაკეტების, მომსახურე პერსონალის, მოწყობილობების და საწვავის გადასატანად. რაკეტები Vidalwagen-ის დახმარებით გადაჰქონდათ აწყობის ადგილამდე და ადგილზე მომსახურე პერსონალი ამაგრებდა მასზე საბრძოლო თავს. შემდეგ გაშვების ჯგუფს რაკეტები გადაჰქონდა გაშვების ადგილას Meillerwagen-ის დახმარებით. აქ რაკეტას აღმართავდნენ სასტარტო მოედანზე, ავსებდნენ საწვავით, აღჭურვავდნენ, აყენებდნენ გიროსკოპებს და რაკეტას უშვებდნენ. ადგილზე ჩამოტანიდან გაშვებამდე დაახლოებით 90 წუთი გადიოდა. მომსახურე პერსონალი ტოვებდა გაშვების ადგილს 30 წუთში.

ეს ძალიან ხელსაყრელი გამოდგა და დღეში დაახლოებით 10 ფაუ-2 გაშვების საშუალებას იძლეოდა რაც ჯერჯერობით დღემდე მიუღწეველი შედეგია. ომის შემდგომმა შეფასებებმა გვიჩვენეს, რომ შესაძლებელი იყო დღეში 100 რაკეტის გაშვებაც კი თუკი სათანადო მომარაგებას ექნებოდა ადგილი. რაკეტების გაშვება შესაძლებელი იყო ნებისმიერი ადგილიდან, მათ შორის საავტომობილო გზებიდან, რომლებიც ტყეებში გადიოდნენ. მთელი ეს სისტემა ისეთი კომპაქტური და მოქნილი იყო, რომ არც ერთი Meillerwagen არ იქნა აღმოჩენილი მოკავშირეთა ავიაციის მიერ.

საცდელი გაშვებები პენემუნდეში

საცდელი გაშვებები პენემუნდეში დაიწყო 1942 წლის მარტში და ისინი გრძელდებოდა 1943 წლის 17 აგვისტოს და 1944 წლის ივლის-აგვისტოს ძლიერი დამომბვების მიუხედავად 1945 წლის 21 თებერვლამდე. 1944 წლის 13 ივნისს გერმანელებმა გამოსცადეს მართვის სისტემის პროტოტიპი, რომელიც გამიზნული იყო Wasserfall ტიპის დედამიწა-ჰაერის ტიპის რაკეტისათვის. არსებითად ეს იგივე ფაუ-2 იყო, რომელსაც ამჯერად ავიაციის საწინააღმდეგო მიზნები ჰქონდა. ეს რაკეტა შვედეთში ჩამოვარდა და მას შემდეგ, რაც მისი ნაწილები შვედი ინჟინრების მიერ იქნა გასინჯული, რაკეტა დიდ ბრიტანეთს გაგზავნეს.

ერთ-ერთი ფაუ-2 რომელიც 1944 წლის 30 მაისს გაუშვეს ჩამოვარდა Sarnaki nad Bugiem ახლოს და პოლონელი პარტიზანების მიერ იქნა აღმოჩენილი. იმავე წლის 25 — 26 ივლისის ღამეს ის გააგზავნეს დიდ ბრიტანეთში თვითმფრინავით.

ფაუ-2 წარმოება

ფაუ-2 წარმოება

ფაუ-2 რაკეტები იწარმოებოდა Mittelwerk მიწისქვეშა გვირაბში კოშტეინის (Kohnstein) მთის ქვეშ, რომელიც მითელბაუ-დორა ბანაკის კომპლექსის ნაწილი იყო, ნორდჰაუზენში, გერმანიაში. 1943 წლის ბოლოსათვის 10 500 პატიმარი მუშაობდა ამ ბანაკში და მრავალი მათგანი დაიღუპა ცუდი პირობების (ძირითადში სიცივის და სინესტის) გამო. მაგალითად, 2900 პატიმარი დაიღუპა 1943 წლის ოქტომბრიდან 1944 წლის მარტამდე. დღეში ასზე მეტი პატიმარი იღუპებოდა უბედური შემთხვევის გამო. პატიმრების უმრავლესობა რუსები, პოლონელები და ფრანგები იყვნენ, თუმცა მათ შორის იყვნენ სამხედრო ტყვეები, უცხოელი მუშები და ის გერმანელებიც, რომელთაც იძულებით მუშაობა მისჯილი ჰქონდათ.

სამხედრო გამოყენების ისტორია

პირველი სამხედრო ქვედანაყოფი, რომელსაც გადაეცა რაკეტები გასაშვებად იყო ბატარეა N 444. 1944 წლის 2 სექტემბერს მათ ამ რაკეტებით დაბომბეს პარიზი, რომელიც მაშინ ახალი განთავისუფლებული იყო და მოგვიანებით მათ ბელგიაში გადაინაცვლეს. მეორე დღეს ბატარეა N 485 გადაინაცვლა ჰააგაში ლონდონის დასაბომბად. შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში გაშვებები ვერ მოხერხდა, მაგრამ ცოტა მოგვიანებით ორივე ჯგუფმა წარმატებით დაიწყო რაკეტების გაშვება.

ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში გაშვებული ფაუ-2 საერთო რაოდენობამ 3172 მიაღწია, რომლებიც შემდეგ მიზნებზე იყო განაწილებული:

ბელგიაზე: 1664

საფრანგეთზე: 76

ინგლისზე: 1402

თავად გერმანიაზე: 11

ნიდერლანდზე: 19

ასეულობით ფაუ-2 აფეთქდა ფრენის განმავლობაში და ამ სტატისტიკაში არ აღირიცხება (ფაუ-2 ბოლო გაუმჯობესებანი ამ პრობლემის მოსაგვარებლად იყო მიმართული)

ბოლო ორი ფაუ-2 აფეთქდა მათ მიზანთან ახლოს 1945 წლის 27 მარტს. საბოლოო ჯამში დაახლოებით 7 000 ადამიანი დაიღუპა ლონდონში ფაუ-2 დაბომბვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ ფაუ-2 5 დაღუპული მოდიოდა. ეს, სხვათა შორის სათანადოდ არ გამოხატავს ფაუ-2 ძალას, რადგან ბევრი რაკეტა ან მიზანს ცდებოდა, ან ფეთქდებოდა ზიანის მიუყენებლად. ზუსტად გაშვებული და ჩამოვარდნილი რაკეტები ძლიერ დამანგრეველი იყვნენ და იწვევდნენ დიდ მსხვერპლს-160 ერთ-ერთი ასეთი რაკეტის ჩამოვარდნის დროს ლონდონში და 567 დაღუპულს ანტვერპენის კინოთეატრში, აგრეთვე დიდ ნგრევას ანტვერპენის მეტად მნიშვნელოვან ნავსადგურში.

სიჩუმე

რადგან ფაუ-2 ზებგერითი სისწრაფით დაფრინავდა და თავის მიზანს უხმოდ აღწევდა. სამოქალაქო მოსახლეობისათვის, რომლებიც მიჩვეული იყვნენ, რომ ხმაურით მოფრინავე გერმანული ბომბდამშენების (ან თვითმფრინავი-ჭურვების ფაუ-1) ხმის გაგონებისთანავე მოსალოდნელი იყო საჰაერო დამომბვები, ამიტომაც ფაუ-2 უხმოდ სტუმრობა სიახლედ აღმოჩნდა.

მაგრამ ეს იმასაც ნიშნავდა, რომ როდესაც რაკეტებით ლონდონის დაბომბვა დაიწყო 1944 წლის სექტემრებში, ბრიტანეთის მთავრობა ამ ამბავს საიდუმლოდ ინახავდა. აფეთქებები, რომლებსაც ფაუ-2 იწვევდნენ მიაწერდნენ სხვა მიზეზებს ან სულაც უპასუხოდ ტოვებდნენ. ამ საშუალებით გერმანელებისთვის უცნობი ხდებოდა მათი რაკეტები საერთოდ აღწევდნენ თუ არა ინგლისს. გერმანელებმა ფაუ-2 შესახებ 1944 წლის 8 ნოემბერს გამოაცხადეს და 10 ნოემბერს ჩერჩილმა აცნობა ინგლისის პარლამენტს და მსოფლიოს, რომ ინგლისს „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში“ რაკეტები უტევდნენ.

კონტრღონისძიებები

ფაუ-1 მსგავსად ფაუ-2 უვნები იყო ელექტრონული კონტრღონისძიებების მიმართ. თუმცა, ფაუ-1 განსხვავებით ფაუ-2 მაღალი სიჩქარე და ფრენის ტრაექტორია მას მოუხელთებელს ხდიდა ავიაციის საწინააღმდეგო საშუალებებისათვის, რადგან იგი ვარდებოდა 100—110 კილომეტრი სიმაღლიდან და ბგერაზე ოთხჯერ სწრაფად დაფრინავდა. ფაუ-2 საწინააღმდეგოდ მხოლოდ ერთი საშუალება არსებობდა-მისი სასტარტო მოედნების და ინფრასტრუქტურის განადგურება, თუმცა ეს ძვირი ჯდებოდა ბომბდამშენების სიძვირის და მფრინავების დანაკარგების გამო. სხვა საშუალება იყო დეზინფორმაციის აეძულებინათ გერმანელები დამიზნებოდნენ მცდარ მიზნებს. ინგლისელებმა შეძლეს დაერწმუნებინათ გერმანელები, რომ მათი რაკეტები დაემიზნებინათ ლონდონის აღმოსავლეთ, ნაკლებადდასახლებულ ნაწილზე. ეს მიღწეულ იქნა რაკეტების დაცემის ადგილების შესახებ ყალბი მონაცემების გაგზავნის მეშვეობით ლონდონში მოქმედი გერმანული სადაზვერვო ქსელის საშუალებით, რომელსაც სინამდვილეში დიდი ბრიტანეთის მთავრობა აკონტროლებდა.

ერთ-ერთი ფაუ-2 შემთხვევით იქნა აღმოჩენილი სტარტის აღების მომენტში ამერიკული ბომბდამშენი ბ-24 მიერ და განადგურებული იქნა კიდეც.

საბოლოო ჯამში ფაუ-2 წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანი საშუალება იყო მოკავშირეთა ძალების შეტევა რამაც აიძულა გერმანელი მერაკეტეები დაეხიათ უკან საიდანაც რაკეტები უკვე ვეღარ მიაღწევდნენ დასახულ მიზნებს მათი შეზღუდული მოქმედების რადიუსის გამო. რაც შეეხება ქარხნებს სადაც ფაუ-2 აწყობდნენ ნორდჰაუზენის მახლობლად, ისინი მოკავშირეებს არასოდეს არ დაუბომბავთ.

1945 წლის 3 მარტს მოკავშირეებზე სცადეს გაენადგურებინათ ფაუ-2 და სასტარტო მოწყობილობები ჰააგის მახლობლად მასიური დაბომბვის გზით, მაგრამ სანავიგაციო შეცდომის გამო სხვა ადგილი დაბომბეს, რასაც 500 ნიდერლანდელი მოქალაქის დაღუპვა მოჰყვა.

შეფასება

მიუხედავად იმისა, რომ ფაუ-2 მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული იარაღი იყო, სამხედრო მხრივ საკმაოდ არაეფექტიანი აღმოჩნდა. მართვის სისტემები მეტისმეტად პრიმიტიული იყო, რომ რომელიმე კონკრეტულ მიზანს დამიზნებოდა, ხოლო მისი ღირებულება დაახლოებით უდრიდა ოთხძრავიან ბომბდამშენს, რომელსაც უფრო ზუსტად შეეძლო მიზნის დაბომბვა, უფრო შორსაც მიფრინავდა, უფრო მეტი ბომბების წაღებაც შეეძლო და თან მისი გამოყენება მრავალჯერ იყო შესაძლებელი. ამას გარდა, ფაუ-2 დამუშავებამ და წარმოებამ მოითხოვა ის ხარჯები, რომელთა დახარჯვაც შესაძლებელი იყო უფრო საჭირო სხვა სამხედრო მიზნებზე. თუმცა, ფაუ-2 გამოყენებას ჰქონდა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ეფექტი, რადგან იგი განსხვავებით ბომბდამშენებისგან ან თვითმფრინავი-ჭურვისგან (ფაუ-1), რომლებიც ფრენის დროს დამახასიათებელ ხმას გამოსცემდნენ, ფაუ-2 უხმოდ დაფრინავდა, რაც მისგან თავდაცვის არანაირ საშუალებას არ იძლეოდა.

ფაუ-2 შექმნა და წარმოება დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა 1944 წლის ფასებში (21 მილიარდი აშშ დოლარი 2005 წლის კურსით). გერმანელებმა გამოუშვეს 6048 ფაუ-2, აქედან 3225 გაუშვეს (თითოეული 620 000 აშშ დოლარი ჯდებოდა 2005 წლის კურსით). ერთი ფაუ-2 ღირებულება უდრიდა 4 Tiger I ტანკის ან 8 Panzer IV ტანკის ღირებულებას. 6 000 გამოშვებული ფაუ-2 სანაცვლოდ გერმანელებს შეეძლოთ გამოეშვათ 48 000 ტანკი. თუმცა ასეთი შეფასება გადახედვას საჭიროებს. ნაცისტური გერმანიისათვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ყოფილიყო წამყვანი სახელმწიფო სამხედრო მხრივ. 1944 წლის ბოლოსათვის გერმანიას არ ჰქონდა არც საწვავი და არც კვალიფიციური მუშახელი ამ ჰიპოთეტური 48 000 ტანკის გამოსაშვებად ან მათ ასამოქმედებლად. ხოლო ერთი ფაუ-2 საჭირო საწვავს 30 ტონა კარტოფილიდან იღებდნენ. ფაუ-2 გერმანელებისთვის იყო უკანასკნელი იმედი, რომ ომში გარდატეხა შეეტენათ მათ სასარგებლოდ (ამიტომ ბომბავდნენ ანტვერპენს) და დიდი სურვილი, რომ „დაესაჯათ“ მათი მტრები (ამიტომ ბომბავდნენ ლონდონს), რომელთა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება უკვე აღარ იყო საეჭვო. მოკლედ, ფაუ-2 მნიშვნელოვანი იყო ნაცისტური გერმანიის მესვეურთათვის, მიუხედავად ამ რაკეტის არცთუ ისე დიდი სამხედრო ღირებულებისა.

ფაუ-2 არ ჰქონდა რადიოამფეთქი, ასე რომ საჰაერო აფეთქებისათვის იგი არ გამოდგებოდა. ფაუ-2 მიწაზე ეცემოდა, ვიდრე მისი საბრძოლო თავი ფეთქდებოდა. ეს მის ეფექტიანობას ამცირებდა.

განუხორციელებელი გეგმები

გერმანელები წარმატებით ცდიდნენ რაკეტების გამშვებ კომპლექსს, რომელიც დამონტაჟებული იყო წყალქვეშა ნავზე, რაც მათ საშუალებას მისცემდა ფაუ-2 წყალქვეშა ნავიდან გაეშვათ. ამ პროექტის კოდური სახელწოდება იყო Prüfstand XII. ამ პროექტის ბოლომდე მიყვანის შემთხვევაში რაკეტების გაშვება შესაძლებელი გახდებოდა აშშ ქალაქების წინააღმდეგ, თუმცა შედეგი სავარაუდოდ შეზღუდული იქნებოდა.

ორი დაშლილი ფაუ-2 გაგზავნილი იქნა იაპონიაში. მათ დატოვეს ბორდო (საფრანგეთი) 1944 წლის აგვისტოში წყალქვეშა ნავებით U-219 და U-195, რომლებმაც მიაღწიეს ჯაკარტას დეკემბერში. ფაუ-2 რაკეტების ერთ-ერთი სპეციალისტი წყალქვეშა ნავ U-234 იმყოფებოდა 1945 წლის მაისში, როდესაც ომი ევროპაში უკვე მთავრდებოდა. ამ რაკეტების შემდგომი ბედი უცნობია.

ომის მიწურულს გერმანელი მეცნიერები მუშაობდნენ ქიმიური და სავარაუდოდ ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაზე ფაუ-2 რაკეტის მეშვეობით.

ომის შემდგომი გამოყენება

ომის დასასრულისათვის აშშ და სსრკ შორის დაიწყო მეტოქეობა ამ რაკეტების და მისი სპეციალისტების ხელში ჩასაგდებად. დიდი რაოდენობით ფაუ-2 და მისი ნაწილები ჩაიგდეს ხელთ ამერიკელებმა და აშშ-ში გაგზავნეს. ამას გარდა მათ ხელთ აღმოჩნდა ამ რაკეტის 126 წამყვანი სპეციალისტი, მათ შორის ვერნერ ფონ ბრაუნი და ვალტერ დორნბერგერი.

1945 წლის ოქტომბერში ინგლისელებმა შეაგროვეს რამდენიმე ფაუ-2 და ჩრდილო გერმანიაში მყოფი ერთ-ერთი ადგილიდან სამი მათგანი გაუშვეს. ამ გაშვების მოხსენებაში ძალიან დაწვრილებით არის აღწერილი ამ რაკეტების ტექნიკური მახასიათებლები, საწვავის შემადგენლობა, მისის ტრანსპორტირების საშუალებები და ა. შ. ამ გაშვებების მერე გერმანელი ინჟინრები თანახმანი იყვნენ აშშ-ში გადასვლაზე და ამერიკელებმა ძვირფასი ტვირთი მიიღეს.

მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-ის რაკეტული პროგრამა დამყარებული იყო გამოუყენებელი ფაუ-2 გაშვებებზე, რომელთა რიცხვმა 60 გადააჭარბა. 1946 წელს დაიწყო ფაუ-2 გაშვებები, კოსმოსში (სუბორბიტალურ ტრაექტორიაზე) გაუშვეს ცხოველები, სხვადასხვა სახის მწერები რადიაციის ზემოქმედების შესასწავლად. ზოგიერთი ფაუ-2 აღჭურვილი იყო WAC რაკეტით. 1949 წლის 24 თებერვალს ასეთმა რაკეტამ მიაღწია 400 კილომეტრ სიმაღლეს და მისმა სიჩქარემ 8290 კმ/სთ მიაღწია. ბევრი ასეთი რაკეტის გაშვება მშვიდობიან მიზანს ემსახურებოდა, მაგალითად ატმოსფეროს ზედა ფენების გამოკვლევას.

ფაუ-2 გაშვება აშშ-ში

ფონ ბრაუნი სამუშაოდ გადავიდა აშშ არმიის რედსტოუნის არსენალში ალაბამის შტატში, 1950 წელს. იგი ძალიან მალე გახდა თითქმის ყველა ამერიკული რაკეტის „მამა“, როგორიც იყო „რედსტოუნი“, „იუპიტერი“, „იუპიტერი-ც“, „პერშინგი“ და „სატურნი“.

საბჭოთა კავშირმა ასევე ჩაიგდო ხელთ ფაუ-2 და მასზე მომუშავე სპეციალისტები. მათთან სამუშაო კონტრაქტს 1945 წლის ზაფხულში მოეწერა ხელი. 1946 წელს ისინი აიძულეს გადასულიყვნენ მოსკოვთან ახლოს, სადაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი 250 ინჟინერის შემადგენლობით. პირველი საბჭოთა რაკეტა გახდა რ-1, რომელიც გერმანული ფაუ-2 ზუსტი ასლი იყო. ამის შემდეგ საბჭოთა ინჟინრებმა შექმნეს მრავალი სხვადასხვა რაკეტა.

სსრკ-ში მყოფი გერმანელი სპეციალისტების მიერ შექმნილი რაკეტები შექმნისთანავე არ იშვებოდა წარმოებაში. მათ დადებით ტაქტიკურ-ტექნიკურ მონაცემებს საბჭოთა ინჟინრები ათავსებდნენ თავიანთ ნიმუშებთან. ამ გზით საბჭოთა კავშირმა რაკეტმშენებლობაში საკუთარი გამოცდილება დააგროვა. გერმანელი სპეციალისტები კი 50-იანი წლების დასაწყისში დაბრუნდნენ გერმანიაში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა სპეციალისტებმა მთლიანად მიიღეს მათთვის საჭირო გამოცდილება გერმანელი სპეციალისტებისგან.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ფაუ-2&oldid=4717552“-დან