შინაარსზე გადასვლა

მასონობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თავისუფალი ქვისმთლელების სიმბოლო
ეროვნული მასონური მემორიალი, ჯორჯ ვაშინგტონის ბაღი

მასონობა, ფრანკმასონობა (ფრანგ. franc-maçonnerie, ინგლ. Freemasonry) — რელიგიურ ეთიკური მოძრაობა, რომელიც აღმოცენდა XVIII საუკუნის ინგლისში და შემდეგ გავრცელდა სხვა ქვეყნებში. მასონები გაერთიანებულნი იყვნენ ძმობის, სიყვარულის, თანასწორობის და ურთიერთდახმარების პრინციპების საფუძველზე. მასონობაში ერთმანეთთან დაკავშირებული იყო ანტიკლერიკალიზმისა და რელიგიური მისტიციზმის იდეები. მასონები უარყოფენ საეკლესიო დოგმებსა და კულტს, მაგრამ დეისტების მსგავსად თაყვანს სცემენ ღმერთს. დღესდღეობით მსოფლიოში 6 მილიონამდე მასონი და 10 000 მდე ლოჟაა, მათგან ბევრი სახეცვლილი და არარეგულარულია. 1951 წელს ჩრდილოეთ ამერიკის დიადი ოსტატების შეკრებაზე შეიქმნა აღიარების ინფორმაციის კომისია.[1] და დადგინდა დიადი ლოჟების რეგულარულობის პრინციპები. აღნიშნული კომისია პერმანენტულად აქვეყნებს ანგარიშებს, კონკრეტული ქვეყნების ლოჟების რეგულარულობისა და მასონური პრინციპების არ დაცვით დაფუძნების შესახებ.

ტავერნა „Goose and Gridiron“ ლონდონში, სადაც დაარსდა პირველი დიადი მასონური ლოჟა

1717 წლის 24 ივლისს შეიქმნა პირველი ოფიციალური დიდი ლოჟა დიდ ბრიტანეთში. ლონდონელმა მქადაგებელმა ჯეიმზ ანდერსონმა შეადგინა მისი „წესდებათა წიგნი“. მისი მიხედვით მასონს მხარი უნდა დაეჭირა საერო ხელისუფლებისთვის, მონაწილეობა არ უნდა მიეღო პოლიტიკურ მოძრაობებში. მასონებმა საკუთარ მოძღვრებაში შეიტანეს ქრისტიანობის, იუდაიზმის და სხვა რელიგიათა ელემენტები. მასონებმა სახელწოდება, ორგანიზაციული ფორმები (ლოჟა), იერარქია (შეგირდი, ქარგალი, ოსტატი, დიდოსტატი), სიმბოლოები (ფარგალი, ჩაქუჩი, შვეული, წინსაფარი, ხელთათმანი) ისესხეს შუა საუკუნეების მშენებელ-კალატოზთა, განსაკუთრებით კი მათი ზედაფენების, არქიტექტორების, მოქანდაკეებისა და მხატვრების, ამქრული გაერთიანებების პრაქტიკებისგან. ევროპაში მასონობამ თანდათან არისტოკრატიული ხასიათი მიიღო, მასში გაძლიერდა მისტიცისტური ელემენტები, რომელმაც შეცვალა ადრინდელი მასონების რაციონალისტური სული და მისწრაფება — დაეკავშირებინა მასონობა შუასაუკუნეობრივ რაინდულ და მისტიკურ ორდენებთან (ტამპლიერები, როზენკროიცერები და სხვა.). მასონების ადრინდელი მარტივი იერარქია შეიცვალა უფრო რთულით. 1730-იანი წლებიდან მასონობამ ფეხი მოიკიდა რუსეთის იმპერიაში. რუსეთში მასონობა წარმოადგენდა იმპერატორის ხელისუფლებისადმი თავადაზნაურობის ოპოზიციის ერთ-ერთ ფორმას. 1776 წელს ბავარიაში ადამ ვაისჰაუპტმა სცადა მასონობის გადაქცევა საიდუმლო საგანმანათლებლო ორგანიზაციად. 1792 წელს მასონობა აიკრძალა რუსეთში. პავლე I-მა შეწყვიტა მასონების დევნა, ალექსანდრე I კი ცდილობდა მასონები საკუთარი ინტერესებისთვის გამოეყენებინა. XIX საუკუნის პირველ ნახევარში მასონები რუსეთში დაუახლოვდნენ დეკაბრისტებს. 1822 წელს რუსეთის იმპერიაში მასონობა ხელახლა აიკრძალა. XIX საუკუნის დასაწყისში იტალიასა და პოლონეთში შეეცადნენ მასონობა გამოეყენებინათ რევოლუციური მოძრაობების კონსპირაციული საჭიროებებისთვის.

მასონები ერთმანეთს ძმებს უწოდებენ, ერთიანდებიან „ლოჟად“ წოდებულ ორგანიზაციებში. ლოჟების გაერთიანება ქმნის „დიად ლოჟას“, რომლის სათავეში დგას დიდი მაგისტრი. დიდი ლოჟები ერთმანეთს აღიარებენ მასონური სასაზღვრო ნიშნებისა და რეგულარული მასონური იურისდიქციის რიტუალით. არსებობენ, ასევე, ცალკეული ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებული არიან მასონთა ძირითად პალატასთან, მაგრამ დამოუკიდებელი მმართველობა გააჩნიათ. დღევანდელი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მასონური მოძრაობა ოფიციალური ორგანიზაციის სახითაა დარეგისტრირებული, გააჩნიათ თავიანთი რეზიდენციები და სასახლეები.

რელიგიების დამოკიდებულება მასონობისადმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასონობის წინააღმდეგ იბრძოდნენ რომის პაპები. 1738 წელს რომის პაპმა კლემენტ XII-მ გამოსცა მასონების საწინააღმდეგო ბულა, კათოლიკე მასონები განკვეთილ იქნენ ეკლესიიდან. 1983 წელს გამოქვეყნდა განცხადება იმის შესახებ, რომ მასონობა კვლავინდებურად დაუშვებელი იყო კათოლიკესთვის.[2]

მასონობის აკრძალვებით გამოირჩევა ისლამი.[3] მუსლიმებს ეკრძალებათ მასონურ ორგანიზაციებში გაწევრიანება.[4]

მასონობა საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს დიადი ლოჟა გაიხსნა 2015 წლის 14 მარტს, მასში შვიდი ლოჟაა გაერთიანებული.[5]

საქართველოს გაერთიანებული დიადი ლოჟა დაფუძნდა (დაინსტალირდა) 2018 წლის 25 აგვისტოს და მასში გაერთიანებულია 13 ლოჟა.[6]

ინგლისის დიდი გაერთიანებული ლოჟების სასახლე, ლონდონი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. https://masonicrecognition.org/
  2. DECLARATION ON MASONIC ASSOCIATIONS
  3. (ინგლისური) selon l'article de C.Layiktez, Freemasonry in islamic world
  4. http://www.freemasons-freemasonry.com/prescott03.html
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-19. ციტირების თარიღი: 2023-08-14.
  6. The United Grand Lodge of Georgia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-01-23. ციტირების თარიღი: 2023-01-23.